ტრანსფობია

თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ, უცნობია, დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი

0 კომენტარი
ფოტო: fb.com

28 იანვრის გამთენიისას თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს მირანდა ფაღავას თავს უცხო მამაკაცი დაესხა და სასტიკად სცემა.

მირანდა ფაღავა ყვება, რომ ტაქსიდან გადმოსულს თავდამსხმელი მარკეტში შეყვა, გაყოლა მოსხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ქუჩაში გამოყვა, წააქცია და წიხლები, ასევე მარკეტის შესასვლელთან მდგარი რკინის დაფა უტყა.

მომხდარზე გამოიძება 126-ე, ძალადობის მუხლითაა დაწყებული, თუმცა უცნობია, დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ღამითვე პოლიციაში გადაიყვანეს. შსს-ში ამ კითხვას არ პასუხობენ.

„დაჟინებით მოითხოვდა რომ მას გავყოლოდი, რაზეც უარი ვუთხარი, გაბრაზდა და დაიწყო ყვირილი შენ ბიჭი ხარ თუ გოგოო?!“

„საკმაოდ ძლიერი და თან ნასვამიც იყო დიდი წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, წამაქცია და წიხლებს მირტყამდა გინებისა და ტრანსფობიური განცხადებების ფონზე“

„სადღეღამისო ჯიხურების გამყიდველებს ვთხოვდი პატრული და სასწრაფო დახმარება გამოეძახებინათ, თუმცა ყველამ უარი თქვა დახმარებაზე.“

წაიკითხეთ სრულად, თუ რას ყვება თავდასხმის მსხვერპლი: 

ტაბულა შეეცადა, შსს-ში გაერკვია, დაკავებულია თუ არა თავმდასხმელი. უწყებაში გვპასუხობენ, რომ "მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები" და დამატებითი ინფორმაცია მხოლოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თანასწორობის მოძრაობის იურისტი მარიამ კვარაცხელია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, თავდამსხმელი განყოფილებაში გადაიყვანეს, სამართალდამცავებმა მირანდა ფაღავას უთხრეს, რომ ის "გამოკითხეს". დაკავებულია ეს პიროვნება, თუ თავისუფალი, ამის შესახებ ჯერ არც თავად მირანდა ფაღავამ იცის. 

დაზარალებული ჯერ არ დაუკითხავთ. მირანდა ფაღავა ადვოკატთან ერთად პოლიციაში დღეს უნდა მივიდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები