გირგვლიანის შესწორებები

"გირგვლიანის შესწორებები" - ქართული ოცნება საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს

ტაბულა

ქართული ოცნება საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას იწყებს, რომელიც, მამუკა მდინარაძის თქმით, "უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას". 

ქართული ოცნების წევრმა დღეს ბრიფინგი გამართა და საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა. მდინარაძეს არ უსაუბრია, კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება, თუმცა თქვა, რომ მას, სიმბოლურად, "გირგვლიანის შესწორებები" ერქმევა. 

"ფრაქცია იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციტივათა პაკეტზე, რომელიც, ერთის მხრივ უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას. ეს იქნება ცვლილებების მთავარი არსი. რასაკვირველია, ახალი რეგულაცია ვერ გავრცელდება ძველ შემთხვევებზე და შეეხება მხოლოდ მოქმედ და მომავალ ხელისუფლებებს. ამ ცვლილებებს სიმბოლურად შეიძლება “გირგვლიანის შესწორებები” დავარქვათ. შესაბამისად, ჩვენი ფრაქცია იწყებს მუშაობას „გირგვლიანის შესწორებებზე“, რითაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა“, - თქვა მდინარაძემ

საკანონმდებლო ცვლილებები, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულების შეწყალებამ განაპირობა. ყოფილ პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამ განაჩენმა არასამთავრობო ორგანიზაციების და მოქმედი პრეზიდენტის კრიტიკა დაიმსახურა. გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას ემსახურება. 

თუმცა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ "სანდროს გირგვლიანის მკვლელობა არ ყოფილა მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს იყო ხელისუფლების შეთქმულება მართლმსაჯულების და ადამიანის წინააღმდეგ". 

"2012 წელს არ გაუმარჯვია მხოლოდ ერთ პოლიტიკურ კოალიციას, 2012 წელს ჩვენთან ერთად გაიმარჯვა სანდრო გირგვლიანმაც, 2012 წელს გაიმარჯვა ადამიანმა ძალადობრივ რეჟიმზე. სამართლებრივად საქმეზე სასჯელს იხდის 8 პირი და მსჯავრდებულია ექსპრეზიდენტი სააკაშვილი. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს ამ საქმის, ამ გაკვეთილის არასწორი ინტერპრეტაცია. სანდროს მკვლელობიდან ზუსტად 12 წლის თავზე, საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ გაბედა და გარდაცვლილის ოჯახის, ქართველი ერის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებით გამოვიდა. მიზანმიმართულად უქმნიდა პოლიტიკურ და ფსევდოსამართლებრივ ფუნდამეტს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედის დაცვაში ისე შორს წავიდა, რომ შერჩევითი მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის მსხვერპლადაც კი გამოაცხადა სააკაშვილი. მთელი თვის განმავლობაში ქართული საზოგადოება აკვირდებოდა როგორ ხმაშეწყობილად, ტანდემში საუბრობდნენ სააკაშვილი და მარგველაშვილი. ფაქტია, რომ ის ასევე იქცევა სააკაშვილის მიმართ წაყენებული სხვა ბრალის შემთხვევაშიც. ჩვენი მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონი ლარის გაფლანგვასაც პიჯაკების საქმედ მოიხსენიებს და პოლიტიკურ დევნად აფასებს, რითაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან არიდება მისი პოლიტიკური ამოცანაა“, - ამბობს მდინარაძე. 

კომენტარები