სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

მიხეილ ჯანელიძე რუსეთის მიმართ სანქციებზე მიერთებაზე: ეს შეთავაზება არ არის

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ეს შეთავაზება არ არის - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რას გეგმავს საქართველო უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებასთან დაკავშირებით, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ მექანიზმს. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, ჯანელიძემ კითხვას მხოლოდ ერთი წინადადებით უპასუხა და თემაზე საუბრის გაგრძელება არ ისურვა. 

პეტრო პოროშენკომ 19 იანვარს, კიევში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს შესთავაზა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განახლების მექანიზმში გაერთიანდეს. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში კი ამის შესახებ არაფერი ეწერა. 

პოროშენკოს პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმი გაუმჯობესდა და ქართულ მხარეს შეუძლია, ამ პროცესს შეუერთდეს. 

"ეს ხელს შეუწყობს მეტ ყურადღებას და წაახალისებს ევროპას, გაახანგრძლივოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს კუთხით ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კომპონენტები", - თქვა პეტრო პოროშენკომ შეხვედრაზე. 

ამ ეტაპზე მმართველი გუნდის წევრები არ პასუხობენ კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველო, შეუერთდეს რუსეთის მიმართ სანქციების გაფართოების მექანიზმს ან რატომ ჭიანურდება გადაწყვეტილების მიღება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები