ნიკი ჰეილი

გაეროში აშშ-ის ელჩი: რუსეთი არ არის და არ იქნება აშშ-ის მეგობარი

Reuters

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ რუსეთის საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ მოსკოვი "არ არის და არ იქნება" აშშ-ის მეგობარი "სანამ მათ მთავრობას აქვს ის ღირებულებები, რაც აქვს, სანამ ისინი ასე განზრახ იქცევიან".

ჰეილის თქმით რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, თუმცა "არ არსებობს იმის ფიქრის საფუძველი, რომ მათმა ჩარევამ რაიმე შეცვალა იმაში, თუ ვინ მოიგო და წააგო." "მხოლოდ ფაქტი, რომ მათ ეს გააკეთეს არის აღმაშფოთებელი და ადმინისტრაციამ უნდა გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ ეს მომავალში აღარ განმეორდეს."

მან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის საკითხზე გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და თქვა, რომ რონალდ რეიგანის შემდეგ მათი პოლიტიკა ყველაზე მკაცრია.

"რუსეთი იცავს ასადის სასტიკ რეჟიმს სირიაში, ეხმარება მათ სირიის მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულებების ჩადენაში და ვეტოს ადებს გაეროს ყველა მცდელობას გაასამართლოს ასადი."

მან რუსეთი ყირიმის ოკუპაციისთვისაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას იარაღს აწვდის, სირიაში წარმატებულ საჰაერო დარტყმებს ახორციელებს და რუსეთს სანქციებს უწესებს.

"რუსეთს სძულს ჩვენი ეს მოქმედებები, და მათი უმეტესობა ამ ადმინისტრაციამდე არ არსებობდა. წარმოდგენა არ მაქვს რას მოელოდა რუსეთი ამერიკის არჩევნებისაგან, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ისინი ამ შედეგით კმაყოფილები არ არიან და ეს ასეც უნდა იყოს, სანამ რუსეთი პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანასავით არ მოიქცევა." თქვა მან.

კომენტარები