მირანდა ფაღავა

სასამართლომ ტრანსგენდერ ქალზე ძალადობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

fb.com

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, მირანდა ფაღავას გენდერული იდენტობის მოტივით ძალადობის გამო ბრალდებულ ბ.ო-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში, თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ.ო-მ გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მირანდა ფაღავას, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მირანდა ფაღავას დაცვის მხარემ გუშინ ამ მუხლის შეცვლის მოთხოვნის შესახებ განაცხადა. ადვოკატი თვლის, რომ ფაღავას მიმართ ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ძალადობას არ მოიცავს, ვინაიდან მას სერიოზული დაზიანებები აღენიშნება, ასევე მას არაადამიანურად და დამამცირებლად მოეპყრნენ. ფაღავას და მისი დაცვის მხარეს მიაჩნიათ, საქმის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 144/3, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მუხლით უნდა გაგრძელდეს.

კომენტარები