ინფლაცია

ევროპული საქართველო საწვავზე აქციზის შემცირებას მოითხოვს

მოძრაობა თავისუფლებისთვის

ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, “ფასების ზრდა ისევ მაღალია და ისევ მძიმედ აწვება უამრავი ოჯახის ჯიბეს. საწვავზე აქციზის შემცირება ის აუცილებელი ნაბიჯია, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, რათა ფასების ასეთი მაღალი ზრდა შეაჩეროს". ზურაბ ჭიაბერაშვილი საქსტატის გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, ფასების ზრდამ 4.3% შეადგინა.

“საწვავზე ისეა ფასები გაზრდილი, უამრავი ადამიანი სოფლად მიწის მოხვნასაც კი ვერ შეძლებს, რომ საკუთარი თავის სარჩენი საკვები მოიყვანოს, არათუ ბაზარზე გასატანი პროდუქტი. თუ “ქართულ ოცნებას” არ უნდა, ათიათასობით ოჯახი შიმშილისთვის გაწიროს, საწვავზე აქციზი უნდა შეამციროს,” - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასების წლიური ზრდა - 6.6%, საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია, ეს კი, ჯაჭვურად გადაეცა საკვებ პროდუქტებსაც.

"გაზისა და დენის ტარიფების ზრდა ასევე მძიმე ტვირთია ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. მათ მეტი საფასურის გადახდა უწევთ არა მხოლოდ ბუნებრივ აირსა და დენში, არამედ გაძვირებულ პროდუქტშიც, რადგან გაზისა და დენის ტარიფის ზრდა ასევე დამატებითი ბიძგია ინფლაციისთვის. გამოსავალია ევროპული საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. აქციზის შემცირება ის მინიმუმია, რაც მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები