Heritage Foundation

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ 3 ადგილი დაკარგა

heritage foundation

Heritage Foundation-ის 2018 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის 16-ე ადგილი უჭირავს. 2017 წელს გამოქვეყნებულ ინდექსთან შედარებით საქართველო 3 ადგილით ჩამოქვეითდა. ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა იმისდა მიუხედავად, რომ ქვეყნის აბსოლიტური ქულა - 76.2-მდე გაიზარდა, რაც 2017 წელს არსებულ ქულას 0.2-ით აღემატება. ეს გაუმჯობესება საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ საქართველოს პოზიცია შეენარჩუნებინა ან დაწინაურებულიყო.

ინდექსში საქართველოს მიერ შარშან კუთვნილი მეცამეტე პოზიცია ტაივანმა დაიკავა, მას 76.6 ქულა აქვს.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები ოთხი ძირითადი კრიტერიუმით ფასდება ესენია: კანონის უზენაესობა, მთავრობის სიდიდე, რეგულაციური ეფექტიანობა და საბაზრო თავისუფლება. ამ კრიტერიუმების მიხედვით საქართველოს შედეგები ასე გამოიყურება: 

კანონის უზენაესობა:

  • საკუთრების უფლებები - 62.8, ზრდა წინა წელთან 7.7 ქულა. 
  • მთავრობის ინტეგრაცია (ერთიანობა) - 65 ქულა, კლება წინა წელთან 3.2 ქულა.
  • სასამართლო ეფექტიანობა - 64.2 ქულა, კლება წინა წელთან 2.3 ქულა

Heritage Foundation-ის ინფორმაციით, საკუთრების უფლებებში არსებული გაუმჯობესება დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ კონტრაქტების აღსრულების ხარისხის გაუმჯობესებასთან და ასევე სასამართლო რეფორმების განხორციელებასთან. თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქალაქო დავებში სასამართლო პრაქტიკა ბუნდოვანია, მოსამართლეთა პროფესიონალიზმი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

მთავრობის ზომა:

  • მთავრობის ხარჯები - 73.3 ქულა, კლება წინა წელთან 0.9 ქულა.
  • საგადასახადო ტვირთი - 87.0 ქულა, კლება წინა წელთან 0.3 ქულა.
  • ფისკალური სიჯანსაღე - 91.8 ქულა, კლება წინა წელთან 1.7 ქულა.

მთავრობის ზომის მიმართულებით არსებული კლება მშპ-სთან მიმართებით მთავრობის ხარჯებს უკავშირდება, რაც გასულ 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 29.8%-ს შეადგენდა, 2016 წელს ის 29.2%-ზე იყო. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში საგადაგასახადო ტვირთი მთლიანი შიდა პროდუქტის 25.9%-ია, სამთავრობო სექტორის ვალი კი მშპ-ს 44%-ს შეადგენს.

საგადასახადო ტვირთის მიმართულებით ქულის გაუარესება სავარაუდოდ, ზოგიერთი ტიპის გადასახადის ზრდას უკავშირდება. 

რეგულაციების ეფექტურობა:

  • ბიზნესის თავისუფლება - 86.9 ქულა, კლება წინა წელთან 0.3 ქულა.
  • შრომის თავისუფლება - 77.3 ქულა, ზრდა წინა წელთან 1.4 ქულა.
  • მონეტარული თავისუფლება (სავალუტო თავისუფლება) - 79.6 ზრდა , კლება წინა წელთან 1.4 ქულა.

2016 წლის განმავლობაში მინორიტარ აქციონერთა უფლებების დაცულობა კანონის მეშვეობით გაუმჯობესდა. საქართველოს შრომის ბაზარზე სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფი ანაზღაურების გამო კონკურენტუნარიანია, თუმცა შრომის ბაზარს დინამიზმი აკლია. Heritage Foundation-ის შეფასებით საქართველოს ეკონომიკის მაღალი დოლარიზაცია გამოწვევას წარმოადგენდა ლარი კი 2017 წელს გაუფასურებას განაგრძობდა.

ბაზრების ღიაობა:

  • ვაჭრობის თავისუფლება - 89.4 ქულა, ზრდა წინა წელთან 0.8 ქულა .
  • საინვესტიციო თავისუფლება - 80 ქულა, ქულა უცვლელია.
  • ფინანსური თავისუფლება - 60 ქულა, ქულა უცვლელია.

დადებითად არის შეფასებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საგარეო ვაჭრობას არეგულირებს.

Heritage Foundation-ის კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის პრობლემად რჩება ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობა, თუმცა ნათქვამია, რომ ქვეყანაში სკამაოდ სტაბილური საბანკო სექტორია.

წლების მიხედვით ინდექსში საქართველოს პოზიცია ასე გამოიყურება:

  • 2012 წელი - 34-ე ადგილი
  • 2013 წელი - 21-ე ადგილი
  • 2014 წელი - 22-ე ადგილი
  • 2015 წელი - 22-ე ადგილი
  • 2016 წელი - 23-ე ადგილი
  • 2017 წელი - 13-ე ადგილი
  • 2018 წელი - 16-ე ადგილი

ყველაზე თავისუფალი ეკონომიკების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. ჰონგკონგი - 90 ქულა,
  2. სინგაპური - 88.8 ქულა
  3. ახალი ზელანდია - 84 ქულა
  4. შვეიცარია - 82 ქულა
  5. ავსტრალია - 81 ქულა

კომენტარები