6-თვიანი მისიის შემდეგ, III ბრიგადის ასეული ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში გავლილი 6-თვიანი მისიის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ
თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული 6-თვიანი მისიის შემდეგ ავღანეთიდან დაბრუნდა. 

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული კაპიტან შალვა მეგრელიშვილის მეთაურით სამხედრო მისიას მაზარ-ი-შარიფში, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. 

მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ჯარისკაცებს საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცეპოლკოვნიკი ფრანც-იოსეფ ნოლტე დახვდათ. 

"დღეს ჩვენ დავხვდით ქართველ მშვიდობისმყოფელებს, რომლებმაც ავღანეთში 6-თვიანი მისია დაასრულეს და დღეს სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ მაზარ-ი-შარიფში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მოუწიათ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულება. დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერისთვის. მოხარული ვარ, რომ ყველა მათგანი უვნებელი დაბრუნდა საქართველოში. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის,"- ამბობს ნოლტე. 

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა. 

კომენტარები