ზოგადი განათლების შესახებ კანონი

სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე კამერების დამონტაჟება, შესაძლოა სავალდებულო გახდეს

შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების ახალი კანონპროექტის მიხედვით, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერების დამონტაჟება სავალდებულო გახდება. ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მინისტრების მოადგილეებმა დღეს წარადგინეს და მანდატურის სამსახურის რეფორმირებას ისახავს მიზნად. 

„ სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერების არსებობა გახდება სავალდებულო. ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიას და გარე პერიმეტრს დაფარავს. აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს. სკოლებში, სადაც უკვე არსებობს კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების შემთხვევაში, გაიზრდება ვიდეოკამერების რაოდენობა. ვიდეო კამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს. მანდატურის სამსახური ხდება გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე - მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ, რაც მანდატურის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი.“ - წერია კანონპროექტში.

მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

კომენტარები