ადევნების მუხლი - დაწყებული გამოძიებები და სასამართლოს გადაწყვეტილებები

www.cumbria.police.uk

2017 წელს, ადევნების მუხლით გამოძიება 19 საქმეზე დაიწყო.

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

მთავარი პროკურატურის ცნობით კი, სისხლის სამართლის კოდექსის 151¹ მუხლით (ადევნება) სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ. უწყება ასევე აცხადებს, რომ დევნის შეწყვეტისა და განრიდების მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებებს, 2017 წელს საერთო სასამართლოებში ადევნების მუხლით 6 საქმე შევიდა და ექვსივე განიხილეს. როგორც ტაბულას უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, 151¹ მუხლით სასამართლოს მიმართეს ხელვაჩაურში, ზუგდიდში, ქუთაისსა და სამტრედიაში.

  • ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში 2 საქმე (ერთი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-151¹ მუხლით, მეორე 151¹ მუხლით) - ორივე საქმეზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ბრალდებულებს სასჯელის სახედ განესაზღვრათ პირობითი მსჯავრი.
  • ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ერთი საქმე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151¹ მუხლით) - საქმეზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა პირობითი მსჯავრი.
  • ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ერთი საქმე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151¹ მუხლით) - საქმე განრიდებისთვის დაუბრუნდა პროკურატურას.
  • სამტრედიის რაიონულ სასამართლოში ორი საქმე, სადაც ადევნების მუხლი არ არის ძირითადი მუხლი:
  1. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 151¹-ე მუხლებით შესულ საქმეზე, ბრალდებულის მიმართ 187-ე მუხლზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, 151¹-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
  2. სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 151¹-ე მუხლებით შესულ საქმეზე სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელის სახედ განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.

ადევნებაში ბრალდებული ერთი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2018 წლის 29 იანვარსაც. საქმე ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა. პროკურატურის ცნობით, ვ.ჭ. სოციალური ქსელისა და სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ს.შ.-ს შესახებ შეურაცხმყოფელ ინფორმაციას ავრცელებდა. შედეგად, დაზარალებული მუდმივად განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც იწვევდა მის ტანჯვას და მუდმივი თვალთვალის გამო ვერ ახერხებდა თავისუფლად გადაადგილებას.

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ ვ.ჭ-ს 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა. ასევე, "მსჯავრდებულს დაეკისრა მოვალეობა, უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით არ დაამყაროს რაიმე ფორმით ურთიერთობა დაზარალებულთან და მისი ოჯახის წევრებთან, თავი აარიდოს მათთან შეხვედრას ნებისმიერ ადგილას, არ მოინახულოს აღნიშნული პირების საცხოვრებელი, სასწავლო და სამუშაო ადგილები, თავი შეიკავოს უშუალო და ტექნიკური საშუალებებით მათ შესახებ რაიმე ინფორმაციის გავრცელებისგან და მათი სახელების გამოყენებით რაიმე ინფორმაციის გავრცელებისგან". 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 151¹, ადევნების მუხლი 2017 წლის 4 მაისიდან არსებობს. ეს არის:

1. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;

ბ) ჯგუფურად;

გ) არაერთგზის;

დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა, 2018 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, მიმდინარე წელს ადევნების მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა 2 პირის მიმართ დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ადევნების საკითხი 2017 წლის 4 ივლისს განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომაც. მაშინ მოსამართლემ 6-თვიანი დამცავი ორდერი გამოსცა, თუმცა საქმე არ განიხილებოდა ადევნების მუხლით.

კომენტარები