ოკუპაცია

პუტინმა ოკუპირებულ რეგიონებთან დადებულ შეთანხმებებს ხელი მოაწერა 

telegraf.com.ua

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ცალკეული ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ჩართვის წესის შესახებ" დოკუმენტს ხელი მოაწერა. დოკუმენტი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ჯარის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციას გულისხმობს.

კრემლის საიტზე ნათქვამია, რომ კანონი, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე ჩარიცხავენ, ხელშეკრულებით და ნებაყოფლობის საფუძველზე.

ხელშეკრულება, რომელსაც პუტინმა ხელი გუშინ მოაწერა, 2017 წლის მარტში მოსკოვში გაფორმდა, რუსეთის დუმამ მისი რატიფიცირება 24 იანვარს მოახდინა, 31 იანვარს კი ფედერაციის საბჭომ დაადასტურა. ეს დოკუმენტი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ დადებული ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმებაა.

გუშინვე პუტინმა ხელი მოაწერა კიდევ ერთ დოკუმენტს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების მედიკამენტებითა და სამედიცინო ნაწარმით უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმება 2017 წლის 22 ივნისს მოსკოვში გაფორმდა.

ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით რუსეთის ამ ქმედებებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკიდურესად აღმაშფოთებელს უწოდებენ. პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, რათა მომავალში მსგავსი ნაბიჯები აღარ გადაიდგას.

”უკიდურესად აღმაშფოთებელია გუშინდელი გადაწყვეტილებები ოკუპირებულ რეგიონთან ე.წ. მორიგი ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას არ აქვს საშუალება, გადმოკვეთოს საოკუპაციო ზოლი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ელემენტარული დახმარება მიიღოს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ე.წ. შეიარაღებული ძალების შესვლა რუსეთის შეიარაღებული შემადგენლობაში. ეს არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს უსაფრთხოების ისედაც სუსტ გარემოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ორივე ნაბიჯი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს უფრო აქტიური, უფრო ძლიერი, იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ნაბიჯები აღარ გადაიდგას”, - თქვა ფხალაძემ.

კომენტარები