საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა.
უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებული - თბილისში დააკავეს", - აცხადებენ უწყებაში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი გუშინ, 5 თებერვალს მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა.





