საზოგადოებივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

ხულორდავა: არ მახსოვს, როდის დავუჭირე მხარი იაკობაშვილის კანდიდატურას

ტაბულა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ამბობს, რომ არ ახსოვს, როდის დაუჭირა მხარი გია იაკობაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატის პოსტზე. ხულორდავამ ტაბულას უთხრა, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. 

"არ ვაპირებ მაგაზე კომენტარის გაკეთებას. რა კომენტარი უნდა გავაკეთო. არ მახსოვს, როდის დავუჭირე მხარი, რაზე მელაპარაკებით. ნუ არ ვაკეთებ კომენტარს", - ხულორდავამ ტაბულას კითხვას, რა დამსახურებისთვის დაუჭირა მხარი გია იაკობაშვილის კანდიდატურას, მხოლოდ ეს უპასუხა. 

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ერთ-ერთია იმ 84 დეპუტატიდან, ვინც 2017 წლის 30 ივნისს გია იაკობაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრის კანდიდატურაზე მხარი დაუჭირა. იაკობაშვილთან ერთად კონკურში ლელა ფირალიშვილი და აკაკი გიგინეიშვილი მონაწილეობდნენ.

გია იაკობაშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მედიას ხელმძღვანელობდა, მათ შორის presa.ge-ს, ამ დრომდე კი პორტალ for.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია, ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა. განსაკუთრებულ აგრესიას დასავლური ღირებულებების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ იჩენს.

რამდენიმე დღის წინ იაკობაშვილმა უხამსად დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მისი ხელმომწერი 300-ზე მეტი ჟურნალისტი მოიხსენია და თქვა, რომ "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო)-ა. [...] თქვენი ქოთქოთი მათ სივებში იწერება. აქტივობაში ეთვლებათ, რის გარეშეც ევროპაში დაფუძნებული და რუსეთიდან დაფინანსებული ფონდებიდან მსუყე გრანტებს კი არა, სამში თამამს მიიღებენ". 

მსგავს შეურაცხმყოფელ განცხადებებს ის ადრეც აკეთებდა. მაგალითად, 3 წლის წინ გაზეთ რეზონანსში სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც რესპონდენტი იაკობაშვილი ამბობდა, რომ "არასამთავრობოების წევრები არ გამოირჩევიან არც ინტელექტით, არც პროფესიული გამოცდილებით და ამ დროს კი მათ საზოგადოებაში სერიოზული ადგილი უკავიათ, ჭკუას ეკითხებიან, მათ აზრს ითვალისწინებენ. ამასთან, მოგზაურობენ, გადაადგილდებიან კარგი მანქანებით, აქვთ კარგი შემოსავალი და სოციალური სტატუსი". 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იაკობაშვილი ასევე აკრიტიკებდა მათ, ვინც გასული წლის მოვლენების დროს რუსთავი 2-ის დაცვა სცადა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს სულ 9 წევრი ყავს. თითოეულ მათგანს 6 წლის ვადით ირჩევენ. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით ირჩევს ორ მეურვეს, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

კომენტარები