ვიზალიბერალიზაცია

გერმანიის რაინ-ვესტფალიის მინისტრი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს

Getty Images

გერმანიის მხარის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მინისტრთა კაბინეტის წევრი იოაჰიმ შტამპი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გადახედვას ითხოვს. შტამპის განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველთა ლტოლვილად დარჩენის შემთხვევები. შტამპი წარმოშობით ქართველთა კრიმინალურ საქმიანობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დანაშაულთა რაოდენობა გაზრდილია. ამის შესახებ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ინტეგრაციის მინისტრმა რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა.

საქართველომ ანალოგიური შენიშვნა ევროკომისიისგანაც მიიღო.  ანგარიშში ევროკომისია განსაკუთრებული სიმწვავით ორგანიზებულ კრიმინალში ქართველთა ჩართულობაზე მიუთითებს.

"ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, საქართველო კვლავ რჩება ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად, რომლის მოქალაქეებიც ჩართული არიან ორგანიზებულ დანაშაულში. ქართული კრიმინალური დაჯგუფებები საკმაოდ მოქნილები არიან და ისინი წარმოდგენილი არიან არაერთ ქვეყანაში. აღნიშნული ჯგუფები ქურდობასა და ყაჩაღობაზე არიან ორიენტირებული. განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში."

ევროკომისია საქართველოს აძლევს რეკომენდაციას დასრულდეს პოლიციის რეფორმა და შეიქმნას დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემა, ასევე დაასრულოს მუშაობა სამიგრაციო რისკების შეფასების სიტემაზე.

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 18 მარტს ამოქმედდა. 2017 წლის მარტ-დეკემბერში ის საქართველოს 170 000-მა მოქალაქემ გამოიყენა.

ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. შეჩერების მექანიზმით ისარგებლოს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედოს.

კომენტარები