ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე: ზომებს გავამკაცრებთ

საქართველოს მთავრობა

"საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს" - პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ თემაზე დღეს გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელშიც ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, ასევე, მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მონაწილეობდნენ. 

"თათბირზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა უმოკლეს ვადებში იგეგმება, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს" - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ "მთავრობა დიდი ყურადღებით ეკიდება პარტნიორი ქვეყნების წუხილს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, როგორც კანონმდებლობის გამკაცრების, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებისა და ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოების მიმართულებით".

კერძოდ, საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს. პრევენციულ ზომებს შორის იქნება - რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაკისრება; გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და ა.შ. ცვლილებებს მთავრობა უახლოეს სხდომაზე წარადგენს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კონტექსტში. გარდა ამისა, შედგება შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი.

ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოსახლეობას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რა რისკებთან არის დაკავშირებული მათ მიერ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა და რა შედეგებს მოუტანს ეს მათ, სხვადასხვა, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

ცნობისთვის, გერმანიის მხარის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მინისტრთა კაბინეტის წევრი იოაჰიმ შტამპი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველთა ლტოლვილად დარჩენის შემთხვევები. შტამპი წარმოშობით ქართველთა კრიმინალურ საქმიანობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დანაშაულთა რაოდენობა გაზრდილია. ამის შესახებ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ინტეგრაციის მინისტრმა რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა.

საქართველომ ანალოგიური შენიშვნა ევროკომისიისგანაც მიიღო. ანგარიშში ევროკომისია განსაკუთრებული სიმწვავით ორგანიზებულ კრიმინალში ქართველთა ჩართულობაზე მიუთითებს.

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 2017 წლის მარტ-დეკემბერში ის საქართველოს 170 000-მა მოქალაქემ გამოიყენა.

ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. შეჩერების მექანიზმით ისარგებლოს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედოს.

კომენტარები