თბილისის მერია

შენი იდეა ქალაქის მერს - თბილისის მერიამ ინიციატივების მისაღებად ვებპორტალი შექმნა

თბილისის მერია

თბილისის მერიამ მოქალაქეებისგან ინიციატივების მისაღებად ვებპორტალი idea.tbilisi.gove.ge აამოქმედა. ვებზე 13 კატეგორიაა განთავსებული, რომლის არჩევის შემდეგაც, მოქალაქეს იდესი დაფიქსირებისა და კონკრეტულ პროექტზე ხმის მიცემის საშუალება ეძლევა. 

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ პორტალის ამოქმედების მიზანია, ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქე ჩაერთოს და ერთობლივი პროექტები განხორციელდეს. 

"უნდა დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპი, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული - ავირჩიეთ ქალაქის მთავრობა და ისინი გააკეთებენ ყველაფერს. მგონია, რომ ეს მიდგომა არასწორია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქალაქის განვითარებასა და წინსვლაზე. ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ მინდა, რომ ამ ყველაფერში დედაქალაქის მოსახლეობა იყოს ჩართული. დავიწყეთ მუშაობა, რათა შეგვექმნა სპეციალური პლატფორმა იმისთვის, სადაც შეიძლებოდა დედაქალაქის მოსახლეობას კონკრეტული პროექტები წარმოედგინა, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ქალაქის განვითარებისთვის", - ამბობს კალაძე. 

ვებგვერდზე დარეგისტრირება შეგეძლებათ სარეგისტრაციო ფორმაში პირადი მონაცემების, ელექტრონული ფოსტის, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით, რომლითაც შემდეგ ავტორიზაციას შეძლებთ. არსებულ იდეაზე ხმის მისაცემად კი, პორტალზე დარეგისტრირება არ დაგჭირდებათ. 

"იდეის განხილვა ოთხ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რეგისტრირებული იდეა განიხილება საიტის ადმინისტრატორის მიერ, მეორე ეტაპი კი, მოიცავს იდეაზე ხმის მიცემას. მესამე ეტაპზე მერი იღებს გადაწყვეტილებას იდეის განხილვის გაგრძელების, ან იდეის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მეოთხე ეტაპზე მერიის სტრუქტურული ერთეულები იდეის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავენ,"- აცხადებს თბილისის მერია. 

კომენტარები