სირია

სირიაში იარაღის საწყობის აფეთქების შედეგად 15 დაქირავებული რუსი სამხედრო დაიღუპა

AFP

გავრცელებული ცნობით სირიაში, დირ ეზ-ზურის პროვინციაში, იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად 23 სამხედრო გარდაიცვალა, მათ შორის 15 რუსი.

ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ცნობით ასადის რეჟიმის მხარდამჭრი ძალები რუს დაქირავებულ სამხედროებთან ერთად მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე გაზის და ნავთობის საბადოების მიმართულებით მოძრაობდნენ. ამ ტერიტორიას აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალები აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სირიაში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ სირიის დემოკრატიულ ძალებსა და ასადის რეჟიმის ძალებს შორის მომხდარი შეტაკებისას რუსეთის სულ მცირე 2 მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა ათზე მეტი რუსი მებრძოლი. ისინი დაქირავებული მებრძოლები იყვნენ და ასადის რეჟიმის ძალებთან ერთად იბრძოდნენ.

შეტაკებები 7 თებერვალს დირ ეზ-ზურის პროვინციაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, სირიის დემოკრატიული ძალების თავდასხმის დროს დაიღუპა ასადის რეჟიმის ძალების 100-მდე მებრძოლი.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმზ მეტისმა 8 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სირიაში ასადის რეჟიმის მხარდამჭერ ძალებს და აშშ-ის კოალიციის ძალებს შორის შეტაკებები იმას არ ნიშნავს, რომ აშშ სირიის სამოქალაქო ომში ერევა. მისი თქმით კოალიციის დარტყმები მათ ქურთ მოკავშირეებზე თავდასხმას მოჰყვა.

"რუსები, იმ დროს, გვეუბნებოდნენ, რომ იქ ძალები არ ჰყავდათ." თქვა მეტისმა.

"ჩვენ გვაქვს დეტალები რუსეთის შეიარაღებული ძალების მებრძოლებზე, ვინც სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს და სირიის არმიას ეხმარება." "ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია სხვა რუსების შესახებ, ვინც შეიძლება იბრძოდნენ სირიაში. გირჩევთ დაუკავშირდეთ თავდაცვის სამინისტროს." თქვა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

 

კომენტარები