დარღვევა მშენებლობაზე

თბილისში მშენებლობასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე სანქციები მკაცრდება

თბილისის მერია

თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება. 

ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამის ცვლილებებს "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს.

თბილისის მერის განცხადებით, მოქმედი კანონი, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე შეუსაბამოდ დაბალ სანქციებს აწესებს. კახა კალაძის აზრით, ასევე, შეუსაბამოდ დაბალი სანქციებია დაწესებული უნებართვო მშენებლობებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ მშენებლობების შეჩერების დაუმორჩილებლობისთვის.

"ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ქალაქის მერიისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. არსებული კანონმდებლობით, როდესაც რაიმე დარღვევა იკვეთებოდა, პირველ შემთხვევაში, მათ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება ეძლეოდათ, შემდეგ 3000 ლარიანი ჯარიმა იყო, რომელიც ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა. ცვლილებებით, პირველივე დარღვევაზე ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა და დარღვევების გამო, შეჩერებული იყო", - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, თუ მშენებლობის პროცესის შეჩერების მიუხედავად, კომპანია მუშაობას განაგრძობს, ის 50 000 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და მასზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმის ოდენობა 25 000 ლარით, ხოლო კერძო საკუთრებაზე 20 000 ლარით განისაზღვრება.

"ვფიქრობ, ეს ჯარიმები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. არსებობს ასევე, მენტალური პრობლემა, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების თვალსაზრისით იკვეთება. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკურ გუნდთან და ამ ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა. შეხვედრა გვქონდა ასევე, მენაშენეთა ასოციაციასთან და მათი მხრიდანაც მაქსიმალური თანადგომაა", - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეიცვლება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 51-ე მუხლიც და თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა 5 000 ათასი ლარის ნაცვლად 50 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური იქნება. 

"ნებისმიერ დარღვევაზე, დამრღვევს ჯარიმა 30 000 ლარი გამოეწერება. მშენებლებსაც ვუთხარით, რომ თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებული, როდესაც ისინი მუშებს ხელშეკრულებას უფორმებენ და თვითონ მუშებმაც უნდა იცოდნენ, თუ რა სანქციები მოჰყვება უსაფრთხოების წესების დარღვევას", - განაცხადა კახა კალაძემ. 

წარმოდგენილი ცვლილებებით ასევე, მკაცრდება სანქციები უნებართვო მშენებლობაზე:

  • სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარიმო სანქცია 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე გაიზრდება.
  • კერძო საკუთრებაში ახალი უნებართვო მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია, რომელიც პარამეტრებით მიეკუთვნება III და IV კლასს, დაექვემდებარება 20 000 ლარით დაჯარიმებას.
  • გაიზრდება საჯარიმო სანქციები პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე, კერძოდ, III და IV კლასის ობიექტებზე 15 000 და 20 000 ლარით.

დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ კახა კალაძეს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა, კალაძემ კი პარლამენტს გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქალაქში მშენებლობის მაღალი ტემპი მისასალმებელია, თუმცა ეს მსხვერპლისა და ურბანული დამახინჯების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

"მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს აღნიშნული ინიციატივისთვის, რომლის საფუძველზეც, საქართველოს პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა დაჩქარდება, რომელიც ამ საკითხს ეხება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიზანია, აღნიშნული საკითხი სწორად დავარეგულიროთ. საქმე მათ შორის, სანქციების გამკაცრებასა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას ეხება, რასაც შესაბამისი კანონპროექტი ითვალისწინებს. საუბარია ასევე, სანქციებზე, რომელიც უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობებთან არის დაკავშირებული. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხია, შესაბამისად, ჩარევა აუცილებელია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, ინიციატივის განხილვა პარლამენტში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ სამუშაო შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები