ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში არ არის - NCDC-ის რეკომენდაციები

ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა ამ ეტაპზე საქართველოში არ არის. ამის შესახებ ტაბულას დაავდებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ეს ვაქცინა არ შედის თითქმის არც ერთი ევროპული ქვეყნის აუცილებელ ვაქცინათა ნუსხაში, თუმცა, საქართველოში კერძო სექტორს პერიოდულად, მცირე ოდენობით აქვს ხოლმე.

"ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ შედის თითქმის არც ერთი ევროპული, მათ შორის განვითარებული ქვეყნების აუცილებელ ვაქცინაციათა ნუსხაში. არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზიაციის მკვეთრი რეკომენდაციაა მისი შეტანისა ე.წ. მანდატორული ვაქცინაციათა ნუსხაში. მოგეხსენებათ, საქართველოს ვაქცინაციის კალენდარი ძალიან არის მიახლოებული ევროკავშირის ქვეყნების ვაქცინაციათა კალენდარს. ევროკავშირის თითქმის არც ერთი ქვეყნის აუცილებელ ნუსხაში არ არის, ის არის მხოლოდ ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, რომელსაც კერძო სექტორი აფინანსებს. მხოლოდ აშშ-ს რამდენიმე შტატში ჩუტყვავილას ვაქცინაცია შეიტანეს ეროვნულ კალენდარში. საქართველოში კერძო სექტორს პერიოდულად აქვს ხოლმე. ამ ეტაპზე, როგორც გავიკითხეთ, არ არის. თუმცა, პერიოდულად, ძალიან მცირე რაოდენობით, იყო ეს ვაქცინა", - აცხადებს გამყრელიძე.

ტაბულას კითხვას, რატომ არ შედის ჩუტყავავილას ვაქცინა აუცილებელ ვაქცინათა ნუსხაში, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ მიუხედავად დაავადების სიხშირისა, მას უმრავლეს შემთხვევაში მსუბუქი ფორმა აქვს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით იყო დისკუსიები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ახალი ვაქცინის დანერგვას წინ უძღვის კვლევები იმის შესახებ, რა ტვირთად აწევს კონკრეტული დაავადება საზოგადოებას, როგორია სიკვდილიანობა, რა დამცველობითი ეფექტი აქვს ვაქცინას და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ახალი ვაქცინის ინიცირება ამა თუ იმ ქვეყნის კალენდარში - ან აუცილებელ ვაქცინათა, ან რეკომენდებულ ვაქცინათა ნუსხაში. დაავადება იშვიათი არ არის. პერიოდულად ჩნდება ხოლმე, გარკვეული ციკლისებური განვითარება აქვს. არის წლები, როცა ათასობით შემთხვევაა, არის წლები, როცა ასეული შემთხვევაა. ჩუტყვავილა უმრავლეს შემთხვევაში საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს ხოლმე და სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება", - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება სტატისტიკას საქართველოში, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 4-5 წლის მონაცემებით, წლის განმავლობაში საშუალოდ 7-დან 9 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გასულ წელს დაავადების შედეგად ერთი მოზრდილი ასაკის ადამიანი გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩუტყვავილა არ არის რთული დაავადება, გამყრელიძე მშობლებს ურჩევს არ მიმართონ თვითმკურნალობას და მიმართონ სპეციალისტს.

"ჩუტყვავილას უმრავლესი, 95-98% მიმდინარეობს მსუბუქად, ის რჩება ძალიან სწრაფად. მაგრამ პირველივე სიმპტომების გაჩენის შემდეგ სასურველია მივმართოთ ექიმს და მოვიქცეთ ისე, როგორც ის გვირჩევს. დაავადება საკმაოდ კარგად იმართება ამბულატორიულად, იშვიათად სჭირდება სტაციონალური მკურნალობა, მაგრამ თვითშემოქმედებას ჯობია დავუჯეროთ ექიმს. რაც შეეხება სიმპტომრბს, ეს არის ცხელება და დამახასიათებელი გამონაყარი, რომელიც პუსტულდება. პატარა ბუშტუკები ჩნდება ხოლმე, რომელშიც ორ დღეში დგება სითხე, შემდეგ ის სკდება და მკვრივდება. უნდა ვერიდოთ, რომ ბავშვმა არ მოიქაოს, დავიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ძალით არ უნდა გახეთქონ, რათა არ შეიჭრას ინფექცია", - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება საბავშვო ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალებას, ამირან გამყრელიძის თქმით, ეს იყო ჩუტყვავილას რთული ფორმა.

"ეს იყო ჩუტყვავილას ძალიან მძიმე ფორმა, რომელიც იშვიათად ვლინდება ხოლმე. ეს არის ჩუტყვავილას ჰემორაგიული ფორმა. მას ჩაუტარდა ყველა აუცილებელი დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ, იყო რთული შემთხვევა ანამნეზურ ფონზე. სხვა დეტალები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით, არ მაქვს უფლება", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

კომენტარები