კანონი მაუწყებლის შესახებ

პარლამენტმა მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. 

კენჭისყრა დღეს გაიმართა. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა, 75 კი წინააღმდეგ წავიდა. 

ვეტოს დაძლევის შემდეგ პარლამენტმა კენჭი ცვლილებებს უყარა. 83-მა დეპუტატმა მას მხარი დაუჭირა, 13 კი წინააღმდეგ წავიდა. ცვლილებები მაუწყებლის შესახებ კანონში დამტკიცებულია.  

გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს 15 იანვარს დაუბრუნა. 

საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას გულისხმობს. 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით (მაუწყებლის შესახებ კანონი, 64-ე მუხლი), საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება მხოლოდ "სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს აქვს. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 6 წუთს". 

საკანონმდებლო ცვლილებით, ამ მუხლს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც დასაშვები გახდება გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. 

65-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით კი, მცირდება სოციალური რეკლამისთვის განკუთვნილი დრო. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები მმართველი გუნდის წევრები არიან. 

საკანონმდებლო ცვლილებებს კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სარეკლამო ბაზარზე და კერძო მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. 

კომენტარები