თბილისის ბიბლიოთეკები

მერია ბიბლიოთეკების რეფორმას იწყებს, ბიბლიოთეკრები სპეციალურ ტესტირებას გაივლიან

თბილისის მერია

თბილისის მერია ბიბლიოთეკების რეფორმას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, ახალი ა(ა)იპ-ი შეიქმნება. ამის შესახებ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ ბიბლიოთეკარებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ დაგეგმილ რეფორმას ბიბლიოთეკრების პროტესტი მოჰყვა.

"ეს ძალიან სამწუხაროა. იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია და არა მისი გაუქმება. ბიბლიოთეკა დღეს კულტურის სამინისტროს სსიპ-ია და თბილისის მერია აფინანსებს, რაც სამართლებრივად გაუმართავია. ასევე, თბილისის 36 ბიბლიოთეკიდან 30 ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაშია და მესამე პრობლემა, რომელიც არსებობს, წიგნად ფონდებს და ზოგადად, წიგნის შენახვის საკითხს ეხება“, - თქვა ხუნწარიამ. 

თბილისის მერის მოადგილის თქმით, ბიბლიოთეკებში მკითხველისა და თანამშრომლებისთვის შეუსაბამო გარემოა.

"მძიმე მდგომარეობაა ბიბლიოთეკარებისთვისაც, რადგან მათ გაუსაძლის მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. გარემო შეუსაბამოა მკითხველისთვისაც. ასევე, მიგვაჩნია, რომ ბიბლიოთეკარებს ის დაბალი ხელფასი, რაც დღეს აქვთ, არ უნდა ჰქონდეთ. ამიტომ, უნდა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რომ სისტემა თავიდან ბოლომდე გავმართოთ და ახალი ტიპის ბიბლიოთეკები მივიღოთ. პროცესი დაწყებულია, რომ თბილისის მერიამ ახალი ა(ა)იპ-ი დააფუძნოს, სადაც თბილისის ბიბლიოთეკები და სამი მედიათეკა გაერთიანდება“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

სოფიო ხუნწარიას განმარტებით, იმისთვის, რომ ანაზღაურება გაიზარდოს, ბიბლიოთეკებში დასაქმებულმა პერსონალმა გარკვეულ სტანდარტებს უნდა უპასუხოს. ამისთვის, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში, თანამშრომლები გადამზადდებიან.

"ახალ ა(ა)იპ-ში თანამშრომლების მიღება ტესტირების დროს ბარიერის გადალახვის შემდეგ მოხდება" - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ წერეთელმა კი, ბიბლიოთეკების თანამშრომლებს მოუწოდა, დაგეგმილ ტრენინგებს დაესწრონ და ტესტირებაში მიიღონ მონაწილეობა.  

"ტესტირების შესახებ წინასწარ მიიღებთ იმ ინფორმაციას, თუ რა ტიპის შეკითხვები იქნება. ჯერჯერობით, სამუშაო პროცესია და ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის“, - განაცხადა ზურაბ წერეთელმა.

კომენტარები