წითელა

როგორ ვებრძოლოთ წითელას - პასუხი ყველა კითხვაზე

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომლის მაჩვენებელი საქართველოში 2017 წლის ბოლოდან გაიზარდა. 2018 წლის მხოლოდ ორ თვეში, უკვე დაფიქსირდა დაავადების 318 შემთხვევა. აქედან უმეტესობა, 219 აჭარაშია.

იმის გამო, რომ წითელა ჰაეროვანი გზით ვრცელდება, ითვლება, რომ ის ყველაზე ადვილად გადამდები დაავადებაა. დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით.

იმ კითხვებზე, რომელიც წითელასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად ჩნდება, ტაბულა დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ესაუბრა.

"მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, წითელას 1000-დან ერთი შემთხვევა ფატალურად მთავრდება. სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება ჩვენც გვაქვს. 2004-2005 წლების ეპიდემიის დროს 9 ადამიანი გარდაიცვალა, 2014-2015 წლებში კი 4 ადამიანი. 2017-2018 წლის აფეთქების დროს არ გვყავს გარდაცვლილი, თუმცა ლეტალური შემთხვევები გამორიცხული არ არის. წითელას საკმაოდ ბევრი შემთხვევა, განსაკუთრებით მოზრდილებსა და წლამდე ასაკის ადამიანებში, ძალიან მძიმედ მიმდინარეობს და საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ამ დაავადებას აქვს ერთი ძალიან ვერაგი თვისება, რომელსაც ჰქვია ქვემწვავე პანენცეფალიტი, რომელიც ვითარდება წითელას გადატანიდან რამდენიმე, შესაძლებელია 10 წლის შემდეგაც და ყოველთვის ფატალურად მთავრდება", - ამბობს პაატა იმნაძე.

ეპიდაფეთქება და რისკჯგუფები

ეპიდემია ჯერ არა, მაგრამ ეპიდაფეთქება საქართველოში არის. კერძოდ, აჭარაში. თუმცა, პაატა იმნაძის ინფორმაციით, მალე მოსალოდნელია ეპიდაფეთქება სამეგრელოსა და თბილისში.

რისკჯგუფებში არიან 1-წლამდე და 20-დან 40-წლამდე ასაკის ადამიანები.

"ამის შეჩერება შეიძლება მხოლოდ ერთი გზით - ვინც არ არის იმუნური ამ ეტაპზე, აიცრას. წითელა მონახავს ყველა არაიმუნურს, რადგან ძალიან ადვილად გადადის", - ამბობს პაატა იმნაძე.

მისი განმარტებით, იმის გამო, რომ წითურა ჰაეროვანი გზით გადადის, მისი გავრცელება მარტივია.

"საკმარისია ოთახში იყო დაავადებულთან ერთად, დაავადებულმა დაახველოს ან დაილაპარაკოს", - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი.

პაატა იმნაძის განცხადებით, წითელას პირველივე სიმპტომების დროს აუცილებელია ექიმის ჩარევა.

"თუ არის მაღალი ტემპერატურა და ნებისმიერი გამონაყარი, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. დანარჩენი უკვე ექიმის საქმეა", - ამბობს ის.

ვინ შეიძლება აიცრას?

წითელა-წითურა-ყბაყურას აცრა საქართველოში 40 წლამდე უფასოა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ტაბულასთან ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, 40 წელზე ზემოთ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წითელაზე იმუნიტეტი აქვს. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ამ ასაკის ადამიანს ჰქონდა კონტაქტი წითელათი დაავადებულთან, სახელმწიფო მის აცრასაც აფინანსებს.

ვაქცინაცია შესაძლებელია პოლიკლინიკებსა და იმუნიზაციის ცენტრში.

"მოქალაქეებმა უნდა მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკებს. ვაქცინა აქვს ყველა პოლიკლინიკას, სადაც ზოგადად აცრები ტარდება. გარდა ამისა, აცრა შესაძლებელია იმუნიზაციის ცენტრში. გეგმიური აცრების გარდა, გვაქვს იმდენი მარაგი, რომ ყველა მსურველი აიცრას, იქნებიან ეს ბავშვები თუ უფროსები. თუ დამთავრდება, პრობლემა არ არის, რომ კიდევ შემოვიტანოთ, მთავარია მსურველი იყოს", - ამბობს პაატა იმნაძე.

მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციამდე წინასწარი კვლევა საჭირო არ არის.

აცრის ეფექტურობა და მოქმედების "ვადა"

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, წითელას ერთი აცრის დამცველობითი ეფექტი 85-90%-ია, ორი აცრის კი 98%.

"დანარჩენები დაავადდებიან, ოღონდ მსუბუქად. მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის, ამიტომ ასე ითვლება. ასევე ვამბობთ, რომ შეიძლება წითელაგადატანილსაც დაემართოს, თუმცა ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია", - ამბობს იმნაძე.

ის არ ადასტურებს მოსახლეობის ნაწილში არსებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვაქცინის მოქმედების ვადა 10 წელია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ ახსოვს არის თუ არა აცრილი, დაავადებათა კონტროლის რეკომენდაცია აცრაა.

"წითელას ორჯერადი აცრა ადამიანს მთელი ცხოვრება მიყვება, არანაირი 10-წლიანი მოქმედების ვადა არ არის. წითელა არ საჭიროებს ხელახალ აცრას, მაგრამ თუ ადამიანს არ ახსოვს ან დარწმუნებული არ არის, რომ ორჯერ არის აცრილი, ჯობია აიცრას. მესამე აცრას გვერდითი მოვლენა არ აქვს. ჩემი შვილი სამჯერ მყავს აცრილი, მესამეჯერ 2008 წელს მედიისთვის ავცერი, რათა მოსახლეობა დამერწმუნებინა, რომ ჩვენ ბავშვებს არ ვკლავთ", - ამბობს იმნაძე.

რაც შეეხება რეაქციას ვაქცინაზე, იმნაძის თქმით, წითელა-წითურა-ყბაყურას აცრას გართულებები, ფაქტობრივად, არ აქვს.

"შეიძლება მოხდეს შეწითლება და გამკვრივება ინექციის ადგილას. სხვა მეტ-ნაკლებად სერიოზული გართულება ან გვერდითი მოვლენა პრაქტიკულად არ აქვს ამ ვაქცინას. ყველაზე მძიმე, რაც თეორიულად შეიძლება მოხდეს, ეს არის ალერგიული რეაქცია, რომელიც დაფიქსირდება ვაქცინის გაკეთებიდან 30 წუთის განმავლობაში. ჯერ ასეთი შემთხვევა არ გვქონია, მაგრამ, სწორედ ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ ვაქცინაციის შემდეგ 20-30 წუთი ადამიანი დარჩეს იქ, სადაც გაიკეთა  ინექცია, რადგან იქ ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, მოხდეს პრობლემის მოხსნა. საბედნიეროდ, ჯერ ასეთი შემთხვევა არ გვქონია, თეორიულად შესაძლებელია", - აცხადებს პაატა იმნაძე.

შეიძლება თუ არა აცრა ორსულობის და ლაქტაციის დროს?

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც ორსულობას გეგმავს, აცრა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალია რისკი, რომ ბავშვს წლამდე დაემართოს წითელა, რაც განსაკუთრებულად რთულია.

"გარდა იმისა, რომ არის რისკი, ბავშვს დაემართოს წითელა წლამდე, დაავადება საშიშია ორსულობისას. განსაკუთრებით საშიშია წითურა და ეს ვაქცინა წითურასაც მოიცავს. წითურა თუ დაემართა ორსულს, ეს პრაქტიკულად განაჩენია ნაყოფისთვის. სამწუხაროდ, გვაქვს ასეთი შემთხვევები, ეს არის პრაქტიკულად ჩვენება აბორტისთვის. ეს აუცილებლად გამოიწვევს ნაყოფის დეფექტებს. წითურასგან განსხვავებით, წითელა ორსულისთვის იმდენად საშიში არ არის, მაგრამ მომავალში შეიძლება ბავშვს დაემართოს წლამდე ასაკში და დაავადება ძალიან მძიმედ მიმდინარეობს ამ ასაკში", - აცხადებს იმნაძე.

რაც შეეხება აცრას ლაქტაციის და ორსულობის პერიოდში, ლაქტაციისას შეიძლება, მაგრამ ორსულობისსს არც ერთი ცოცხალი ვაქცინა, მათ შორის წითელა-წითურა-ყბაყურა რეკომენდებული არ არის.

"თუმცა, აშშ-ში ჩატარებულია კვლევა, სადაც 400-მდე ქალი, რომელმაც არ იცოდა რომ ორსულად იყო, აიცრა. კვლევის მიხედვით, ნაყოფისთვის უარყოფითი შედეგი არ დამდგარა. ანუ, თუ შემთხვევით ორსული აიცრება, ეს პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ ინსტრუქციით ორსულის აცრა არ შეიძლება", - ამბობს იმნაძე.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ადრე იყო რეკომენდაცია, რომ ვაქცინაცია უნდა მომხდარიყო ორსულობამდე მინიმუმ სამი თვით ადრე, რაც ბოლო პერიოდში შეიცვალა და ფეხმძიმობასა და აცრას შორის მინიმალური პერიოდი ერთ თვემდე შემცირდა.

"ახალი გაიდლაინებით, აცრის გაკეთება შესაძლებელი ერთი თვით ადრე და არავითარი პრობლემა არ იქნება", - ამბობს იმნაძე.

როგორ მოვიქცეთ, თუ გვყავს 1-წლამდე ასაკის ბავშვი?

წითელა-წითურა-ყბაყურას გეგმიური აცრა ორჯერ, 1 და 5 წლის ასაკში ტარდება. ბავშვებისთვის ყველაზე საშიში პერიოდი წლამდე ასაკია, მით უმეტეს მაშინ, თუ დედა აცრილი არ არის.

"როცა წითელა ემართებათ წლამდე ასაკში, ეს ნიშნავს რომ დედას არ აქვს იმუნიტეტი. თუ დედას აქვს იმუნიტეტი, ის გადასცემს ბავშვს და წლამდე ის ავად არ გახდება. წლის ასაკში კი წითელას აცრა გეგმიურად ეკუთვნის. თუ მანამდე დაემართა, შეიძლება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს. ამიტომ, ის ადამიანები, ვისაც 1-წლამდე ბავშვები ჰყავს, თვითონ უნდა აიცრან", - ამბობს პაატა იმნაძე.

მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი უკვე არის 9 თვის და მას ჰქონდა კონტაქტი წითელათი დაავადებულ ადამიანთან, მისი აცრა შესაძლებელია. გასათვალისწინებელია, რომ ეს აცრა არ ცვლის გეგმიურ აცრებს და 1 და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაცია კვლავ საჭიროა.

"ბავშვი წლამდე იმიტომ არ იცრება, რომ მაგ ასაკში წითელაზე იმუნიტეტს კარგად ვერ იმუშავებს. 9 თვის შემდგომ აცრა მას დაიცავს, მაგრამ სუსტ იმუნიტეტს გამოუმუშავებს და გეგმიური მაინც უნდა ჩაუტარდეს. ოღონდ, გასათვალისწინებელია, რომ წინა ვაქცინასა და გეგმიურ აცრას შორის შუალედი ერთი თვე უნდა იყოს", - ამბობს პაატა იმნაძე.

რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაცია?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აცრა არ შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არის კლინიკურად გამოხატული რომელიმე დაავადება ან მძიმე იმუნოდეფიციტური მდგომარეობა. ასევე, ორსულობა და 38-ზე მაღალი ტემპერატურა. ასეთ შემთხვევებში, პაატა იმნაძის თქმით, ვაქცინაცია უნდა გადაიდოს.

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ ჩავლილ გაციებას, იმნაძის თქმით, ეს არ არის აცრის საწინააღმდეგო ჩვენება.

უნდა "მოვიხადოთ" თუ არა წითელა და შესაძლებელია დაავდების გამეორება?

წითელას გადატანა არის რისკი, ამიტომ, სპეციალისტები აცრას გვირჩევენ. რაც შეეხება დაავდების გამეორებას, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია ადამიანის იმუნიტეტზე.

"ისევე, როგორც ორი აცრის შემდეგ, გადატანის შემდეგაც ვიღაცას შეიძლება დაემართოს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ გადატანას ნუ დაველოდებით - გადატანის შემდგომ 1000-დან ერთი შემთხვევა ფატალურად მთავრდება და ეს მაღალი რისკია. რაც მთავარია, არავინ ვიცით ვინ იქნება ის, ვისაც შესაძლოა 10 წლის მერე პანენცეფალიტი დაემართოს. გადატანა არის რისკი, აცრა არ არის რისკი", - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ წითურა, პაატა იმნაძე მათ ექიმთან კონსულტაციებს ურჩევს, რათა არ გამოეპაროთ გართულება.

"ექიმმა უნდა მართოს წითელას ნებისმიერი შემთხვევა და გამოირიცხოს გართულება", - ამბობს ის.

სადაურია ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოდის?

მოსახლეობის ნაწილი ვაქცინასთან დაკავშირებით ხშირად ინტერესდება სად არის მედიკამენტი წარმოებული. პაატა იმნაძის ინფორმაციით, ის ევროპულია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში არ შემოსულა ვაქცინა, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია არ ჰქონდა.

გარდა ამისა, პაატა იმნაძის ინფორმაციით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად არის მედიკამენტი წარმოებული, თუ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის პრეკვალიფიცირებულია. მიუხედავად ამისა, საქართველოში არსებული მოთხოვნის გამო, აქ შემოსული ვაქცინები ამ ეტაპზე ევროპულია.

"1993 წლიდან დაწყებული, არ შემოსულა ვაქცინა, რომელიც არ იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს არის ყველაზე დიდი გარანტია, ხარისხისა და უსაფრთხოების ამაზე დიდი გარანტია მსოფლიოში არ არსებობს.

რაც შეეხება მწარმოებლებს, იქნება ეს ინდოეთი თუ სხვა ქვეყნები, ყველა არის დასავლური კომპანიების შვილობილი კომპანიები. უბრალოდ, უფრო იაფი უჯდებათ წარმოება, სტანდარტები კი ზუსტად იგივეა. თუ მედიკამენტი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად არის წარმოებული. მაგრამ, რადგან ქართველებს უყვართ, რომ ეწეროს - წარმოებულია საფრანგეთში ან გერმანიაში, რაც ახლა გვაქვს წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა, ყველა არის ევროპული წარმოების. იყო ერთი პერიოდი ამერიკული წარმოების, ახლა არის დასავლეთ ევროპული წარმოების", - ამბობს პაატა იმნაძე.

მითები და ხალხური მედიცინა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ წითელას მკურნალობის ხალხური მეთოდების ნაწილი მეცნიერულ საფუძვლებს მოკლებული არ არის.

"მაგალითად, წითელის ჩამოფარება ფანჯრებზე - აქ არ არის აუცილებელი წითელი იყოს და შესაძლებელია ლურჯიც იყოს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ წითელას დროს ავადმყოფს კონიუქტივიტი აქვს და მზის სხივი აღიზიანებს. ხალხურად ეს წითელ ფერზე არის გადასული, მაგრამ მიზანი ისაა, რომ ავადმყოფი არ უნდა გაღიზიანდეს. მეორე მოსაზრებაა, რომ მამამ და ბაბუამ არ უნდა დალიონ. ამასაც პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს და მიზანი ისაა, რომ ბავშვს ნერვები არ მოუშალონ, უნდა იყოს მაქსიმალურად წყნარ, მშვიდ გარემოში. ყველა ხალხურ მეთოდს ვემხრობი, გარდა იმისა, რომ დავამატოთ აცრა, თუ შეიძლება", - ამბობს პაატა იმნაძე.

რაც შეეხება სკეპტიციზმს ვაქცინაციასთან დაკავშირებით, იმნაძის თქმით, ამის მიზეზი გახდა 90-იან წლებში ბრიტანელი ექიმის სტატია, რომელიც საქართველოში მხოლოდ ბოლო წლებში გავრცელდა, ძირითადად რუსული წყაროებით.

"90-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთმა ბრიტანელმა ექიმმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეს აცრა აუტიზმთან დააკავშირა. ამან გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა სამეცნიერო წრეებში, ინგლისში ჩავარდა ვაქცინაცია და დაიწყო წითელას ეპიდემია. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს იყო აფიორა, ფული ჰქონდა აღებული ამ ადამიანს და ჩამოართვეს საექიმო პრაქტიკის უფლება. სტატია ამოიღეს ჟურნალიდან. მაგრამ იმ ინფორმაციამ, რაც დასავლეთში ტრიალებდა 90-იანების ბოლოს, ჩვენამდე მოაღწია რუსული მედიის გავლით და ახლა. ცოდვა გამხელილი სჯობს და ზოგიერთი ჩემი კოლეგა ახლა ამბობს იმას, რაც 2000-იანი წლების შუისთვის უკვე გარკვეული იყო, ჩატარდა კვლევები და კატეგორიულად უარყოფილია ყოველგვარი კავშირი აუტიზმთან. დამტკიცდა, რომ ის სტატია იყო აფიორა და კრიმინალი. როგორც ჩანს, ამ ინფორმაციას ჯერ არ მოუღწევია ჩვენამდე", - ამბობს პაატა იმნაძე.

ძირითადი ინფორმაცია წითელას შესახებ (NCDC):

გამომწევი​:

გამომწვევია წითელას ვირუსი (Morbillivus, Measles Virus), რომელიც მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელზე უფროსი ასაკის პირებში შესაძლებელია გახდეს სერიოზული გართულებების მიზეზი.

გადაცემის გზები:

ვრცელდება ჰაეროვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან  ცემინების და ხველების  დროს. ასევე, ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით.
დაინფიცირებული პირი სიმპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი.

სიმპტომები:

მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება  წითელი ლაქისებრი  ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებზე და მთელ სხეულზე.

გართულებები:

პნევმონია (20 შემთხვევიდან ერთი) ყველაზე ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში, ენცეფალიტი/ ტვინის შეშუპება (1000 შემთხვევიდან ერთი) მთავრდება სმენის დაკარგვით და უნარშეზღუდულობით, ყურის ინფექციები (10  შემთხვევიდან ერთი) მთავრდება სმენის დაკარგვით.
ორსულობის პერიოდში  წითელა შესაძლებელია გახდეს ნაადრევი მშობიარობის ან ახალშობილის მცირე წონის მიზეზი.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები