საქართველო-ლუქსემბურგი

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა 

საგარეო საქმეთა სამინსტრო

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლუქსემბურგის საჰერცოგოს ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებას ეფუძნება. საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ და ადამიანებს არ ემუქრებათ საფრთხე, რომ მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო.

აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგი ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეშვიდე სახელმწიფოა, ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ბულგარეთის, ავსტრიისა და ისლანდიის შემდეგ, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.

​ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმიგრაციის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ჩვეულებრივ ვადას  სამჯერ ამცირებს.

კერძოდ, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთთათვის 2018 წლის 29 იანვრიდან  სწრაფი პროცედურა ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მთხოვნელს ინტერვიუზე იწვევენ თავშესაფრის მოთხოვნიდან ოთხის დღის შემდეგ, ხოლო თავშესაფრის მოთხოვნაზე პასუხს აძლევენ  ინტერვიუდან 6 დღეში. შესაბამისად ლუქსემბურგში საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადა ექვსი თვიდან ათ დღემდე შემცირდა. მსგავსი სახის დაჩქარებული პროცედურა მოქმედებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან თავშესაფრის მთხოვნელთა მიმართაც. 

​საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ 2017 წელს ლუქსემბურგმა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

კომენტარები