ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში საქართველოს მოქალაქეს სცემეს და ის გარდაიცვალა

Sputnik Ossetia-ს ცნობით, გასულ ღამით ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში მარიონეტი სამართალდამცავების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ა. ტ. გარდაიცვალა.

1983 წელს დაბადებული ა.ტ. ოკუპირებული რეგიონის მედიის ცნობით, 22 თებერვლის დილას, ოკუპირებულ ახალგორში "სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანების გენოციდში" ბრალდებით დააკავეს, რადგან გარდაცვლილი ა.ტ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში საქართველოს მხარეს იბრძოდა. 

დეფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროში აცხადებენ, რომ ა. ტ. ოკუპირებულ ახალგორში 22 თებერვლის დილით "გენოციდში ბრალდების მუხლით" დააკავეს, რის შემდეგაც ის დაკითხვაზე გადაიყვანეს, სადაც მას "წარუდგინეს მისი ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტები". 

"მას შემდეგ, რაც გაიაზრა მისი მისამართით არსებული ბრალდებების დასაბუთებულობა, ეჭვმიტანილი გაჩუმდა და კითხვებზე პასუხების გაცემაზე თარჯიმანისა და ადვოკატის გარეშე უარი თქვა, თუმცა მათი თანდასწრებითაც კი, არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ამის შემდეგ, მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა პროცესის დროს, ის შეეცადა დაცვის ერთერთი წევრისთვის იარაღი წაერთვა. აღნიშნულ ქმედებას საპასუხო რეაქცია მოყვა, მის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა და სპეციალური საშუალებები. ა. ტ.-მ წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე ფეხი დაუცდა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს,"- წერს ოკუპირებული რეგიონის მარიონეტული ხელისუფლების დეფაქტო სამინისტრო. 

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ორივე უწყებაში ამბობენ, რომ ინფორმაციას ამოწმებენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

კომენტარები