ხოშტარია: არ მინდა საქართველოს ერქვას ქვეყანა, სადაც ადამიანები ქრებიან ქუჩიდან

facebook.com/pg/tbilisimayor

ევროპულმა საქართველომ თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით პარლამენტს მიმართა.

პარტიის დეპუტატის ელენე ხოშტარიას თქმით, მუხთარლის საქმეზე სიმართლის დადგენა, როგორ უმცირესობის, ისე უმრავლესობის და ქვეყნის ინტერესებშია და ამისათვის აუცილებელია, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. 

"მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ვარ, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერი იყოს ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულში. არ მაქვს არანაირი სურვილი საქართველოს ერქვას ქვეყანა, სადაც ადამიანები ქრებიან შუა ქუჩაში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ვარ და ამით შემიძლია ქულები დავიწერო, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ შესაძლებელი იყოს პასპორტის გარეშე ადამიანი მოხვდეს მეორე ადგილზე და გამოვიდეს და ძალიან დეტალურად ჰყვებოდეს, თუ რა მოხდა, ასახელებდეს ქუჩებს, ასახელებდეს გზებს, შენობებს, ასახელებდეს, თუ რა ეცვათ პოლიციელებს. დეტალებში ჰყვებოდეს, თუ როგორ მოხდა ეს გატაცება და ჩვენ არ გვქონდეს ამაზე არანაირი პასუხი," - ამბობს ხოშტარია.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ციხიდან 2 დღით, ოჯახის დაღუპული წევრების ორმოცზე დასასწრებად გაათავისუფლეს, რუსთავი 2-თან თქვა, რომ საქართველოდან მისი გატაცების უფლება კვირიკაშვილმა მისცა და ეს ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმაც იცოდა. 

აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება.

კომენტარები