ააფგან მუხთარლის გატაცება

ენმ-ის დეპუტატები მუხთარლის კომისიის შექმნის შესახებ კენჭისყრაზე არ დარჩნენ

parliament.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, რომლებიც მხარს უჭერდნენ აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპული საქართველოს ინიციატივას, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, კენჭისყრაზე არ დარჩნენ. 

ინიციატივა ჩავარდა. პროექტს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 15-მა ევროპული საქართველოდან და სამმა ქართული ოცნებიდან - ირინე ფრუიძემ, თამარ ხულორდავამ და ირაკლი შიოლაშვილმა. 22-მა ხმა მისცა კომისიის შექმნის წინააღმდეგ. ინიციატივის მისაღებად საჭირო იყო 50 დეპუტატის მხარდაჭერა.

საგამოძიებო კომისიის შექმნას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც მოითხოვდა.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ციხიდან 2 დღით, ოჯახის დაღუპული წევრების ორმოცზე დასასწრებად გაათავისუფლეს, რუსთავი 2-თან თქვა, რომ საქართველოდან მისი გატაცების უფლება კვირიკაშვილმა მისცა და ეს ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმაც იცოდა. 

აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება.

 

კომენტარები