არჩილ ტატუნაშვილის საქმე

სუს-ი: ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული 2 მოქალაქე ცხინვალის ე.წ ციხიდან გაათავისუფლეს

imedinews

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის ისინი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის საოკუპაციო ძალებს და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ქუტაშვილსა და პავლიაშვილს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პროცესში არ შეუქმნას რამე ტიპის ხელოვნური ბარიერი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ე.წ. ცხელი ხაზის მეშვეობით დე-ფაქტო ხელისუფლებასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების საკითხზე.

გუშინ სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

ტატუნაშვილი გარდაცვალების წინა დღეს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად დააკავეს. 

კომენტარები