იემენი

ნიკი ჰეილი: თუ რუსეთი ირანის გამართლებას გააგრძელებს, აშშ თავად მიიღებს ზომებს

Reuters

აშშ ირანის მისამართით ცალმხრივი ქმედებით იმუქრება. გაეროს უშიშროების საბჭომ თეირანს იემენში ჰუსიტი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდების პრევენცია მოსთხოვა. რუსეთმა გადაწყვეტილებას ვეტო დაადო.

ინიციატივას რუსეთთან ერთად მხარი ბოლივიამაც არ დაუჭირა. ჩინეთმა და ყაზახეთმა თავი შეიკავეს.

"თუ რუსეთი გააგრძელებს ირანის გამართლებას, აშშ და ჩვენი პარტნიორები ჩვენით მივიღებთ ზომებს. თუ უშიშროების საბჭოდან ქმედით ნაბიჯებს ვერ მივიღებთ, ჩვენით ვიმოქმედებთ." თქვა გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ. ჰეილის არ დაუკონკრეტებია რა ნაბიჯებს გადადგამს აშშ თეირანის წინააღმდეგ.

"რა თქმა უნდა, ეს ვეტო არ გადაწყვეტს ბირთვული შეთანხმების ბედს. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ შეთანხმებას არ წაადგება. ამან მხოლოდ დაადასტურა ის, რასაც ვფიქრობდით. ირანი იღებს ნიშანს განახორციელოს საშიში და არალეგალური ქმედებები." თქვა ჰეილიმ.

რუსეთის ვეტოს შემდეგ საბჭომ რუსეთის მიერ შეთავაზებული წინადადება მიიღო და იემენის სანქციები ირანის ხსენების გარეშე ერთი წლით გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო.საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჩაერთო, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ირანი საუდის არაბეთის წინააღმდეგ იყენებს. გასულ თვეებში რიადის მახლობლად იემენიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც სავარაუდოდ ირანული წარმოშობისაა. 2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 9,200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

კომენტარები