ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე

ვაშაძე ოპოზიციას: აირჩეთ, ან ჭაობში ვრჩებით ან ყველა ერთად ვიბრძვით

ტაბულა

"ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ვაშაძის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა და ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელ გზას ირჩევენ, ერთად დგომასა და ბრძოლას, თუ "ხელისუფლებასთან ერთად ამ ჭაობიდან პარაზიტირებას".

"არსებული ჭაობიდან გამოსავალი, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, არის მაქსიმალური გაერთიანება და კონსოლიდაცია, არა პიროვნებების გარშემო, არამედ იდეის გარშემო, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ წარმატების ქართული მოდელი. გადაწყვიტეთ ბატონებო, რომელ გზას ირჩევთ. საპრეზიდენტო არჩევნები კარსაა მომდგარი, ძალიან მალე მოვა საპარლამენტო არჩევნებიც, ან ჩვენ ამ ჭაობს ვინარჩუნებთ, რომელიც საქართველოშია, ან ყველანი ერთად ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოში გაჩნდეს სრულიად ახალი პერსპექტივა,"- აცხადებს ახალი საქართველოს ლიდერი. 

ვაშაძის თქმით, ის და მისი პარტიის წევრები შეხვდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს და პოლიტიკური ძალები სამ კატეგორიად დაყო:

"1. ეს არის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შეგუებულნი არიან არსებულ სიტუაციას, ამ ჭაობში მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობენ და, ფაქტობრივად, არიან ხელისუფლების სატელიტები. 2. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებლის როლში და, ფაქტობრივად, ნებით თუ უნებლიეთ ხელს უწყობენ არსებული სიტუაციის შენარჩუნებას. 3. პარტიები, რომლებიც არ ეგუებიან არსებულ ჭაობს, სჯერათ საქართველოს მომავლის, უნდათ სიახლე ქართულ პოლიტიკაში, უნდათ ახალი ენერგია და ახალი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში და მზად არიან, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველომ დაიწყოს სრულიად ახალი განვითარების პერსპექტივა." 

კომენტარები