სახელმწიფო ელექტროსისტემა ბავშვის დაღუპვაზე: ჩვენი ფასადი ბოლოს 2008 წელს შეიცვალა

ტაბულა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ბარათაშვილის ქუჩაზე მათ ოფისთან მომხდარ ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს. კომპანია სამძიმარს უცხადებს დაღუპული არასრულწლოვნის ოჯახის წევრებს. ელექტროსისტემის ცნობით, მათი შენობის ფასადის მოპორკეთება ბოლოს 2008 წელს მოხდა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ისინი საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობენ.

"დღეს, დაახლოებით, დღის 15:30 საათზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის გარე ფასადიდან ჩამოვარდა მინის კონსტრუქციის ნაწილი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოზარდები, რომლებიც მომხდარისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი, ასლან მამედოვი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს. სიტყვები უძლურია ამ უდიდესი ტრაგედიის და ტკივილის გამოსახატად. ამ მძიმე წუთებში ვდგავართ ოჯახის გვერდით. უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილის პერიმეტრი შემოღობილია. შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები განხორციელდა 2008 წელს და ამჟამად არანაირი სარემონტო სამუშაოები არც ფასადზე და არც შენობაში არ მიმდინარეობდა. მიზეზების დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზა აწარმოებს მოკვლევას. მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ველოდებით გამოძიების შედეგებს", - წერია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, ანუ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის აღიძრა. ამ მუხლის მაქსიმალური სასჯელი 4-წლამდე პატიმრობაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ მომხდარში დამნაშავე ყველა პირი დაისჯება.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საპარტნიორო ფონდის შემადგენელი ნაწილია, მის 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობს.

კომენტარები