არჩილ ტატუნაშვილის საქმე

უმრავლესობამ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუცია დაარეგისტრირა

parliament.ge

საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც არჩილ ტეტუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს.

საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დაუყოვნებლივ გამოუშვას საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

პარლამენტი რეზოლუციის პროექტს - "საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე” - მომდევნო კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს და უყრის კენჭს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარს ამბობენ. მათი მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და რუსეთი ცხედრის "სიღრმისეულ ექსპერტიზას" ატარებს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები