უგულავა: Energo Pro-ს წარმომადგენელი და ოცნების დეპუტატი ვანში ამომრჩეველს დაემუქრა

გიგი უგულავა
ტაბულა

ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანსა და ხონში გიგი უგულავა ამბობს, რომ საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი შალვა ლორთქიფანიძე ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში მცხოვრებ მამა-შვილს თენგიზ და მირზა ბილთაძეებს დაემუქრა. ამის შესახებ უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. დეპუტატის მანდატთან ერთად, შალვა ლორთქიფანიძე ვანის რაიონში ენერგო-პროს წარმომადგენელიცაა. 

"ლორთქიფანიძე მამა-შვილ თენგიზ და მირზა ბელთაძეებს აბსოლუტურად უკანონოდ, სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებით დაემუქრა და მიმართა შემდეგი სიტყვებით: "რით ვერ ისწავლეთ ჭკუა, სად უნდა დადგეთ ეგ თუ არ იცით, 3 000 ლარიან ჯარიმას გამოგიწერთ". მირზა ბელთაძემ მოითხოვა, რომ ენერგო-პროს ეს ინფორმაცია ოფიციალურად წერილობით მოეწერა. მათ სამრეცხაო აქვთ და არც მას, არც სხვა მსგავსი ობიექტების მქონე ადამიანებს მსგავსი მოთხოვნა ენერგო-პროსგან არ მისვლიათ არც წერილობით და არც სიტყვიერად (მათ შორის, ამ ბატონის საშუალებით). ამავე დროს თვითონ ეს მრიცხველი, რომელიც აყენია ამ სამრეცხაოში, არის ენერგო-პროს დაყენებული,"- ამბობს უგულავა. 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩეხურ კომპანია ენერგო-პროს ფაქტზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

"ენერგო კომპანიამ ჩემი აზრით უმწვავესი რეაქცია უნდა მისცეს ამ პრობლემას და პასუხი ვერ იქნება ის, რომ ეს მრიცხველი არ ვარგა. თუ მრიცხველი არ ვარგა, კეთილი უნდა ინებოთ, მეგობრებო, წერილი უნდა მიწეროთ ყველა ანალოგიური მრიცხველის მქონე სუბიექტეს და არა ერთ ადამიანს, რომელმაც ღიად, უბრალოდ ფოტოს გადაღებით, თავისი პოლიტიკური კეთილგანწყობა გამოხატა არახელისუფლების მიმართ. ეს არის პატარა მაგალითი ჯერჯერობით, თუ როგორ აპირებს ქართული ოცნება ჩაატაროს არჩევნები ვანსა და ხონში. ჩვენ ვიქნებით სრულად მობილიზებული და არცერთი ადამიანის დაჩაგვრის უფლებას არ მივცემთ არც ქართულ ოცნებას და არც იმ კომპანიებს, რომელთა საქმე საერთოდ არ არის პოლიტიკაში მონაწილეობა,"- განაცხადა გიგი უგულავამ. 

ტაბულა დაუკავშირდა ენერგო-პროს პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება და სწორედ იქ გააკეთებენ განცხადებას. 

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.

საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად: "თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ − უახლოეს აპრილში".

შესაბამისად, შუალედური არჩევნები 2018 წლის აპრილში გაიმართება.

კომენტარები