საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

როგორ და ვისი მონაწილეობით იგეგმება შათირიშვილის საზმაუს საბჭოში გაყვანა

ვასილ მაღლაფერიძე, მაია ბიგვავა, კახა ბექაური და ლაშა ნაცვლიშვილი
ევროპული საქართველო

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, მაია ბიგვავა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ხელისუფლებასთან დაახლოებული კომენტატორის, ზაზა შათირიშვილის გაყვანაზე მსჯელობდნენ - ამის შესახებ ტაბულას ევროპული საქართველოს წევრმა, თაკო კაკაბაძემ განუცხადა და შეხვედრის ამსახველი ფოტო მოგვაწოდა.

"26 იანვარს, დღის მეორე ნახევარში თბილისის ერთ-ერთ კაფეში შევედი და ვიჯექი იმ სუფრის გვედით, სადაც ისხდნენ ლაშა ნაცვლიშვილი, კახა ბექაური, ვასილ მაღლაფერიძე და მაკო ბიგვავა. რა თქმა უნდა, მათი მოსმენის განზრახვა არ მქონია, მაგრამ კაფეში მუსიკა ჩართული არ იყო, სივრცეც ძალიან პატარაა და ბუნებრივად მესმოდა მათი საუბრის ეპიზოდები. ისინი განიხილავდნენ ზაზა შათირიშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დანიშვნის საკითხს, საუბრობდნენ, ვინ იქნებოდა ამის მომხრე და წინააღმდეგი. ამ კონტექსტში ახსენეს კახა კალაძის ჯგუფი, რომელიც იქნებოდა შათირიშვილის წინააღმდეგი", - აცხადებს კაკაბაძე.

კაკაბაძის თქმით ვასილ მაღლაფერიძის პროცესში მონაწილეობა, მთავრობის მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებთან ერთად, ინტერესთა კონფლიქტს წარმოქმნის.

"ფოტოს გადაღება გადავწყვიტე მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მსხდომ არც ერთ პირს არ აქვს იმის უფლება, გადაწყვიტოს, ვინ იქნება საბჭოში და ეს არის ინტერესთა კონფლიქტი, გარდა ამისა, ფორმალურად ტარდება კონკურსი, ადამიანებმა შეიტანეს საბუთები და აქვთ მოლოდინი, რომ რეალურად მოხდება მათი კანდიდატურების განხილვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, შესარჩევი კომისიაც ფორმალობაა და კანდიდატურა აირჩევა არაუფლებამოსილი პირების მიერ სუფრასთან.

ამასთან, გარდა არაუფლებამოსილი პირებისა, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი-ბორდი ნიშნავს და ათავისუფლებს ტელევიზიის დირექტორს, შესაბამისად, მოქმედი დირექტორის, მაღლაფერიძის პროცესში მონაწილეობა პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტია”, - აცხადებს ტაბულასთან კაკაბაძე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატობის მსურველებს შორის ზაზა შათირიშვილიც არის.

ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე საკონკურსო კომისიას განაცხადით თოთხმეტმა ადამიანმა მიმართა, მათ შორის, შათირიშვილმა.

სამეურვეო საბჭოს 9 კაციანი შემადგენლობიდან, 4 ვაკანტურია. ბორდის ერთერთმა წევრმა, უმცირესობის მიერ დასახელებულმა სულხან სალაძემ 9 თებერვალს პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტისს თაობაზე მიმართა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებულ ბორდის თავმჯდომარეს გრიგოლ გოგელიას და მარინა მუსხელიშვილს, ისევე, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებულ გიორგი კოხრეიძეს 17 აპრილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

თითო ვაკანტურ თანამდებობებზე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ 3-3 კანდიდატი უნდა წარადგინოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს ან გაათავისუფლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე.

კომენტარები