საზოგადოებრივი მაუწყებელი

GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილ მრჩეველსაც სურს

info 9

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილ მრჩეველსაც სურს. ბესიკ ლილუაშვილი ერთერთია იმ 14 კანდიდატიდან, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს. მან აჭარის მთავრობაში უფლებამოსილება 2 მარტს შეიჩერა.

ბათუმელებთან საუბარში ბესიკ ლილუაშვილმა თქვა, რომ მისი პრიორიტეტია "საინფორმაციოს გაძლიერება, საგამოძიებო ჟურნალისტიკის წინა პლანზე წამოწევა, კინოდოკუმენტალისტიკა, კინოს მხარდაჭერა, ვებ პლატფორმა და რადიოს განვითარება".

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხი ასარჩევი წევრიდან ერთი კვოტა აჭარის უმაღლეს საბჭოს ეკუთვნის. აჭარიდან განაცხადი ბესიკ ლილუაშვილის გარდა, აჭარის მთავრობის წინა თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის პრესსამსახურის უფროსს, ნათია სირაბიძეს აქვს გაგზავნილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ კონკურსში სულ 14 კანდიდატი მონაწილეობს - მალხაზ ასლამაზაშვილი, ნინია კაკაბაძე, დონარა შონავა, ზაზა შათირიშვილი, იზაბელა ოსიპოვა, ხატია ყურაშვილი, ზვიად დევდარიანი, ბესო ლილუაშვილი, ნათია სირაბიძე, ვლადიმერ ბოჟაძე, ია მამალაძე, ნათია კობერიძე, ბაია პატარაია და დავით კორახაშვილი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი ღია კონკურსი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით გამოცხადდა. სამეურვეო საბჭოს 9-კაციანი შემადგენლობიდან, 4 ვაკანტურია. საბჭოს ერთერთმა წევრმა, უმცირესობის მიერ დასახელებულმა სულხან სალაძემ 9 თებერვალს პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის თაობაზე მიმართა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებულ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს გრიგოლ გოგელიას და მარინა მუსხელიშვილს, ისევე, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებულ გიორგი კოხრეიძეს 17 აპრილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

თითო ვაკანტურ თანამდებობაზე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ 3-3 კანდიდატი უნდა წარადგინოს.

მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა - ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს ან გაათავისუფლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე.

კომენტარები