ვიზალიბერალიზაცია

მათ, ვისაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ, გერმანია შენგენის ზონაში შესვლას აუკრძალავს

Reuters

მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, გერმანიის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს გამართავს. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, დოქტ. კრისტიან კლოსი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ელჩი ანეტ გიუნთერი დღეს საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს მიგრაციის სფეროში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე ესაუბრებიან.

საელჩოს განცხადებით, გერმანიამ 2017 წლის მარტში მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა, იზრდება მათი რაოდენობა, ვინც ვიზალიბერალიზაციას გერმანიაში თავშესაფრის მოსათხოვნად იყენებს.

"ვიზალიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. მხოლოდ იანვარში შვიდასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ასევე ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში.

გერმანიაში არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მთხოვნელთა რიცხვის საგრძნობი მატება იწვევს გერმანიის ფედერალური მთავრობის დიდ შეშფოთებას, ამიტომ მისი აზრით, აუცილებელია სწრაფი და ქმედითი რეაგირება.

იმ ღონისძიებების გარდა, რომლებიც ეროვნულ და ევროკავშირის დონეებზე ტარდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე პარტნიორულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან იმისათვის, რომ საგრძნობლად შემცირდეს უვიზოდ მიმოსვლის ბოროტად გამოყენება. ამიტომ გერმანიას სურს, კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან რეადმისიის საკითხებში უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. გარდა ამისა გერმანია არსებული სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში რამდენიმე წლით შენგენის მთლიან ზონაში შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე" - აცხადებს საქართველოში გერმანიის საელჩო და აღნიშნავს, რომ "აუცილებელია სწრაფი და მდგრადი ცვლილებები, რათა გამყარდეს 2017 წლის მარტში ძალაში შესული ვიზალიბერალიზაცია შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის".

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს მუშაობის უფლებას და არც ხანგრძლივად დარჩენას ითვალისწინებს. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა, მეგობრების და ახლობლების მონახულება შეგიძლიათ ყოველ 180 დღეში 90 დღის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე შენგენის ზონაში ყოფნის 90-დღიან რეჟიმს დაარღვევს, ის ავტომატურად ჩაითვლება არალეგალად, ემუქრება 5-წლიანი დეპორტი და შესაძლოა, 3 000 ევროთიც დაჯარიმდეს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებას აპირებს და თუ ახლა არალეგალებს თავიანთი ხარჯებით არ უწევთ რეადმიისიის ფარგლებში ქვეყანაში დაბრუნება, ცვლილებების განხორციელების შემდეგ, თავად მოუწევთ საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთის შეძენა.

კომენტარები