ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

UNWOMEN: საქართველოში დაახლოებით 15 000 ქალზე ორსულობის დროს ფიზიკურად ძალადობდნენ

aifs.gov.au

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, იმ ქალების 2%-მა, რომელიც ოდესმე ყოფილა ორსულად, განაცხადა, რომ განუცდია ფიზიკური ძალადობა მინიმუმ ერთი ორსულობის დროს. საქართველოში მასშტაბით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15 000 ქალს უდრის.

UNWOMEN-ის დოკუმენტის მიხედვით, მათგან 37%-მა განაცხადა, რომ ორსულობის დროს მუცელში ჩაარტყეს მუშტი ან წიხლი. იმ ქალების 64%, რომელმაც ორსულობის დროს ცემის შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ ცემა იყო ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილი, რომელსაც ერთი და იგივე პირი ახორციელებდა. უფრო მეტიც, 6%-მა განაცხადა, რომ ძალადობა ორსულობის დროს გამწვავდა.

"ძალიან მძიმე პირობებში ვიყავი. მცემდნენ, აგრეთვე, ქმარი მაუპატიურებდა ორსულობის დროს, რის შედეგადაც დამეწყო სისხლდენა და ექიმებმა იეჭვეს ძალადობის შესახებ, ვინაიდან ასეთი სიმპტომები არ იყო ნორმალური“, - ამბობს კვლევის რესპონდენტი ჩაღრმავებული ინტერვიუს დროს.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელებისა და ამ პრობლემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემების მოპოვება პირველად მოხდა. ამას გარდა, კვლევამ საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება პირველად შეისწავლა.

ეროვნული კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და იგი რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6,006 ქალი და 15-64 წლის 1,601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი, 47 შეხვედრას მოიცავდა.

კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში "ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა" ჩატარდა.

კომენტარები