ვიზალიბერალიზაცია

გამკაცრებული პროცედურა - რა შემთხვევაში ვერ შეძლებენ მოქალაქეები გვარის შეცვლას

psh.gov.ge

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტს, რომელიც გვარის შეცვლისათვის ახალ რეგულაციებს აწესებს. კანონპროექტი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გვარის შეცვლის წესის გამკაცრების მიზანია, დაიცვას უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან. უწყების შეფასებით, კანონი ხელს შეუწყობს დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციას.

ცვლილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს სრულწლოვანებაში გვარის შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეეძლება. მოქმედი რეგულაციით, არ არსებობს შეზღუდვა, თუ რამდენჯერაა შესაძლებელი გვარის შეცვლა. რაც შეეხება სახელს, სრულწლოვანებაში სახელის მხოლოდ ერთხელ შეცვლა 2014 წელს დაინერგა, როდესაც საქართველო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მიზნით მოლაპარაკებებს მართავდა. 

"არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ერთი გვარით ჩადიან დანაშაულს ევროკავშირის ტერიტორიაზე, შემდეგ ბრუნდებიან საქართველოში, იცვლიან გვარს მარტივად და მოკლე ვადაში და ახალი ვინაობით მიემგზავრებიან კვლავ შენგენის ზონაში.

უცხო ქვეყნის საზღვარზე სათანადო სისტემების უქონლობის გამო ვეღარ ხერხდება ამ პირთა იდენტიფიცირება და ისინი კვლავ ხვდებიან იმ სივრცეში, საიდანაც გამოაძევეს, ან სადაც შესვლა აკრძალული აქვთ.

ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი დროის მცირე შუალედში რამდენჯერმე იცვლის გვარს. მაგალითად, 2016 წელს 58-მა პირმა გვარი შეიცვალა ორჯერ, ხოლო ერთმა პირმა 3-ჯერ; 2017 წელს კი, 59-მა პირმა გვარი შეიცვალა ორჯერ, ხოლო ერთმა პირმა - 4-ჯერ" - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს კვლავ შეეძლება გვარის შეცვლა, მაგრამ სრულწლოვანების შემდეგ მას მოუწევს მხოლოდ ერთხელ გააკეთოს არჩევანი და მიიღოს: მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის (ბებიის/პაპის ბებია და პაპა) ჩათვლით, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის ჩათვლით) გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან ისტორიული გვარი.

იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ კანონი არ ასახავს გვარის შეცვლის იმ შემთხვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2017 წლის 28 მარტამდე, ანუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე.

"შეზღუდვა არ გავრცელდება არც იმ შემთხვევებზე, როდესაც პირებს სურთ მეუღლის გვარის მიღება ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარის ტარება, რის შესახებაც გადაწყვეტილება მათ ქორწინების მომენტში უნდა მიიღონ. ასევე, ერთხელ გვარის შეცვლის შეზღუდვაარ იმოქმედებს იმ შემთხვევებზე, როდესაც განქორწინების მომენტში პირი გადაწყვეტს, დაიტოვოს ქორწინებისას მიღებული მეუღლის გვარი ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.

ამასთან, პირს ყოველთვის შეეძლება დაიბრუნოს საკუთარი ქორწინებამდელი გვარი, ასევე, შვილად აყვანისას მიიღოს მშვილებლის გვარი, მამობის დადგენისას მიიღოს მამის გვარი, აგრეთვე მიიღოს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი (თუ პირის დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა)" - განმარტავს იუსტიციის სამინისტრო.

გარდა ამისა, გვარის ან სახელის შეცვლის შემთხვევაში, მსურველი ვალდებული იქნება, პირადად მიმართოს შესაბამის უწყებებს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას). გარდა ქორწინების/განქორწინების შემთხვევებისა, საკითხის გადასაწყვეტად სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მოეწყობა ზეპირი მოსმენა, სადაც გვარის შეცვლის მსურველი ვალდებული იქნება, პირადად გამოცხადდეს და დაასაბუთოს გვარის შეცვლის საჭიროება.

გვარის შეცვლას მოქალაქე ვერ მოახერხებს, თუ:

  • განცხადება წარდგენილი არ იქნება უშუალოდ მის მიერ;
  • დეპორტირებული ან რეადმისირებულია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიიდან არ გასულა 5 წელი.

საქართველოს მთავრობამ გვარის შეცვლის პროცედურის გართულებაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანიის ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის ერთერთმა მინისტრმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა მოითხოვა. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობამ მოიმატა, ასევე, გაზრდილია ლტოლვილის სტატუსის მიღების მსურველთა რაოდენობა.

კომენტარები