კრიმინალი

ზაჰესში ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის ბრალდებული, მოკლულების ნაცნობი დააკავეს

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 14 იანვარს, ზაჰესში ცოლ-ქმრის მკვლელობა გახსნილია.

უწყებაში აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ნ. თბილისში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, ნაცნობს - 1951 წელს დაბადებულ ე.ტ.-სა და მის მეუღლეს - 1968 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითიჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ორივე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე და 236-ე მუხლი), რაც 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ასევე აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად, უწყება ყველა გამოვლენილ დანაშაულზე შესაბამის რეაგირებას ახდენს. შსს-ს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში რამდენიმე გახმაურებული მკვლელობის და ყაჩაღობის ფაქტი გაიხსნა, მათ შორისაა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში მომხდარი მკვლელობისა და თბილისში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი.

"უწყება დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს", - აღნიშნავენ სამინიტროში.

კომენტარები