არჩილ ტატუნაშვილის საქმე

მარიონეტი პრეზიდენტი: ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზას 1 თვე მაინც დასჭირდება

osinform.ru

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული რეგიონის ე.წ ციხეში დე ფაქტო სამართალდამცავების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს. დე ფაქტო პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას უახლოესი 1 თვის ვადაში არ აპირებს.

სპუტნიკის ოკუპირებული რეგიონის ბიუროს ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ამის შესახებ ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას ილაპარაკა. 

"მე ვხვდები, რომ თქვენი ვიზიტი არ არის ტატუნაშვილის სიკვდილთან კავშირში, მაგრამ რადგან ეს თემა წამოწიეთ, გეტყვით, რომ [ოკუპირებული] სამხრეთ ოსეთის [ე.წ] კანონებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, იმისათვის, რომ ცხედარი გადავცეთ, აუცილებელია სამართლებრივი სამედიცინო ექსპერტიზა. ასეა მიღებული მთელ მსოფლიოში და ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ, ასე შევასრულოთ ტატუნაშვილის გადაცემის მოთხოვნა,"- თქვა მარიონეტმა პოლიტიკოსმა. 

ბიბილოვი თანათავმდჯომარეებს უთხრა, რომ ოკუპირებულ ცხინვალს უნდა მიეცეს საშუალება, ყველაფერი კანონის დაცვით გააკეთოს და თუკი მოკლული ტატუნაშვილის ცხედარი რაღაც სახის დოკუმენტების გარეშე გადაეცემა საქართველოს, თანათავმდჯომარეები პირველები იქნებიან, ვინც ოკუპირებულ რეგიონს ამის გამო გააკრიტიკებს. 

"ჩვენ ეს არ გვსურს. საქართველოშიც კი, იმისათვის, რომ ასეთი ექსპერტიზა ჩატარდეს, საჭიროა, როგორც მინიმუმ, ერთი თვე. არავინ ამბობს, რომ ის არ უნდა გადავცეთ, თუმცა საზოგადოების ნაწილში ასეთი პოზიციაც არის,"- ამბობს ოკუპირებული რეგიონის მარიონეტი პრეზიდენტი. 

ოკუპირებული ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ე.წ ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები