რუსეთი

პუტინი წინასაარჩევნო კამპანიას ოკუპირებულ ყირიმში აქციით დაასრულებს

ვლადიმირ პუტინი
Getty Images

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი წინასაარჩევნო კამპანიას 14 მარტს ოკუპირებულ ყირიმში დაასრულებს.

რუსული მედიის ინფორმაციით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, თუმცა მთავარი სევასტოპოლში მრავალათასიანი აქცია იქნება.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით აქცია  რეფერენდუმის წლისთავს ემთხევა და "ყირიმსა და სევასტოპოლში ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აღინიშნება."

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს არის დანიშნული. სახელმწფო უწყებების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით პუტინი ხმათა 69%-ს მიიღებს. მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი, პაველ გრუდინინია ხმათა 7%-ით.

The Guardian-ის მიხედვით რუსეთის მოსახლეობის ნაწილს 3 მარტს მოსკოვის ცენტრში მდებარე Лужники-ს სტადინზე პუტინის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დასწრება აიძულეს.

Guardian-ი რუსულ ოპოზიციურ საიტებზე და სოციალურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ათასობით რუს მოქალაქეს, მათ შორის სტუდენტებს, სახელმწიფო უწყებების მოხელეებს და კერძო კომპანიების თანამშრომლებს მოუწოდეს დასწრებოდნენ ღონისძიებას და საჩვენებლად სურათებიც გადაეღოთ.

"შეგროვდით არანაკელებ 4 კაციან ჯგუფებად, გადაიღეთ ფოტო, როდესაც სტადიონზე მიხვალთ. არ დაგავიწყდეთ თქვენი პლაკატების წაღება პარასკევს!" Guardian-ის თქმით ეწერა მეილში, რომელიც მოსკოვში მდებარე ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლებმა მიიღეს. მათი თქმით თანამშრომლები შიშობდნენ, რომ თუ მითითებას არ შეასრულებდნენ ხელფასი შეუმცირდებოდათ. მათი ინფორმაციით ღონისძიებაზე ფოტოს გადაღების შემდეგ პუტინის სიტყვით გამოსვლამდე სტადიონი ათასობით ადამიანმა დატოვა. Guardian-ი ასევე წერს, რომ სამშაბათს ვებგვერდებზე შემდეგი შინაარსის განცხადება გავრცელდა:

"ქალები და მამაკაცები 20-55 წლამდე. სამ მარტს. კამპანიის ღონისძიება/კონცერტი "ძლიერი რუსეთისათვის" ვლადიმირ პუტინის მხარდასაჭერად. ანაზღაურება 500 რუბლი (~22 ლარი)."

პუტინის კამპანიის სპიკერმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

კომენტარები