არჩილ ტატუნაშვილის საქმე

МИД: კმაყოფილები ვართ კვირიკაშვილის მზაობით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე

RIA Novosti

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართვას პასუხობს. გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისფულებას წერილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით 9 მარტს გაუგზავნა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კვირიკაშვილის წერილს ყურადღებით გაეცნენ და ისინი კმაყოფილებას გამოთქვამენ პრემიერის მზაობასთან დაკავშირებით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, რაც მათი თქმით, წერილიდან იკვეთებოდა. 

"მოსკოვში ყურადღებით გავეცანით საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაგრძელებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზად არის წავიდეს იმდენად წინ, რამდენადაც თბილისში ამისთვის მზად არიან. გიორგი კვირიკაშვილის მიერ ჟენევის დისკუსიასთან დაკავშირებით პროგრესისკენ სწრაფვის აღნიშვნა მარტის ბოლოს დაგეგმილ მორიგ რაუნდზე ქართული მხარის კონსტრუქციულობის იმედს გვისახავს. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთ მიდგომას მოლაპარაკებების სხვა მონაწილეებიც დაუჭერდნენ მხარს, იმის მიუხედავად, ვინ წარუძღვება ჟენევაში საქართველოს დელეგაციას. ამასთან, არ შეიძლება არ მივესალმოთ დეკლარირებულ სწრაფვას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგთან დაკავშირებით. ზუსტად ასეთია იმ საკითხების რეგულირების ერთადერთი რეალური გზა, რომელიც საქართველოს აწუხებს და რომელიც ორმხრივ, რუსულ-ქართულ ურთიერთობებს სცდება. კერძოდ ეს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ ცოტა ხნის წინ მომხდარ სამწუხარო ინციდენტს ეხება." - წერია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

9 მარტს გაგზავნილ წერილში გიოორგი კვირიკაშვილი წერდა, რომ მიუხედავად რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენისა, ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი გრძელდება. პრემიერი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას ტატუნაშვილის ცხედარის გამოსვენებასთან დაკავშირებით შექმნილი რთული ვითარების დასაძლევად "დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით", ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდა.

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულების შემდეგ, გუშნდელ დღემდე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. 

ამ დრომდე ვერ ხერხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. 

კომენტარები