CT PARK

თბილისის მერია 10 აპრილიდან CT Park-თან ხელშეკრულებას წყვეტს

თბილისის მერია

თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ეს დღეს კახა კალაძემ თქვა. 

მისი თქმით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

კალაძე ამბობს, რომ დღეს საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასა და მაღალ სტანდარტებთან კომპანია „სითი პარკის“ მოქმედებების პრინციპული შეუთავსებლობა ნათლად გამოიკვეთა.

„ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ. გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. ჩვენ მიერ დასახელებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი კერძო ავტომობილების როლის შემცირება და ფეხით მოსიარულეებზე მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სისტემის დამკვიდრებაა, სადაც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პარკირების სისტემის მოგვარებაა“, - თქვა კალაძემ.

კომენტარები