დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

მეი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებს განიხილავს

ტერეზა მეი
Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან შესახვედრად ემზადება. რუსეთმა დიდი ბრიტანეთის მოთხოვნას აეხსნა თუ რატომ გამოიყენეს ყოფილი რუსი ჯაშუშის მოსაწამლად რუსული იარაღი დადგენილ ვადაში არ უპასუხა. პრემიერმინისტრმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საპასუხო ქმედებები უნდა გამოაცხადონ.

განიხილება საპასუხო ქმდებებების სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორისაა ახალი სანქციები, ვიზებზე შეზღუდვები და ანგარიშების გაყინვა. ტერეზა მეიმ სანქციების მხადაჭერა შესაძლოა ევროკავშირის და ნატოს წევრებსაც სთხოვოს.

გუშინ დონალდ ტრამპმა ტერეზა მეის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტერეზა მეიმ თქვა, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოსაწამლად ნერვული აგენტი "новичок"-ი გამოიყენეს, რომელიც რუსეთმა შექმნა.

მეის თქმით შესაძლოა მოწამვლაში პასუხისმგებელი რუსეთი იყო და მათ მოსთხოვა დღის ბოლომდე აეხსნათ, თუ რატომ მოხდა რუსული იარაღით სკრიპალის მოწამვლა.

"ეს იყო ან პირდაპირი ქმედება რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ან რუსეთის მთავრობამ კონტროლი დაკარგა პოტენციურად კატასტროფული ზიანის მომტან ნერვულ აგენტზე და დაუშვა მისი სხვების ხელში ჩავარდნა." თქვა მან.

მისივე თქმით თუ დღის ბოლომდე დამაჯერებელ პასუხს არ მიიღებდნენ დიდი ბრიტანეთი დაასკვნიდა, რომ რუსეთის მხრიდან მის წინააღმდეგ უკანონო ძალის გამოყენება განხორციელდა.

ოფიციალური მოსკოვის დიდი ბრიტანეთის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის მოთხოვნაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ულტიმატუმს არ უპასუხებენ მანამ, სანამ საქმის გამოძიების დეტალებზე ინფორმაციას არ მიაწოდებენ. ლონდონში რუსეთის საელჩომ ნერვული აგენტის ნიმუში მოითხოვა და თქვა, რომ ბრიტანეთის ულტიმატუმი საერთაშორისო პროტოკოლის დარღვევაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ ბრიტანეთმა ოფიციალური მოსკოვის შეშინება არ უნდა სცადოს და რუსეთის ახალი ბირთვული იარაღის შესახებ შეახსენა.

ზახაროვას  თქმით თუ ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ Ofcom-ს ბრიტანეთში რუსული არხის Russia Today-ს მაუწყებლობის შეჩერებას მოსთხოვს, რუსეთში ყველა ბრიტანული არხის მაუწყებლობა შეწყდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარა და გააფრთხილა, რომ "ბრიტანეთის მთავრობის ქმედებები ღიად პროვოკაციულია." მათივე თქმით სანქციების ნებისმიერ მუქარას რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს.

კომენტარები