ყალბი დოკუმენტი

დმანისის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი დოკუმენტის გაყალბებისთვის პასუხისგებაში მისცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ამამლოში, მუბარიზ მ., ხოლო ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე მოქალაქე არზუმან ა., სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

საქმე ეხება მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებას.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წელს, არზუმან ა-მ., ამამლოს ადმინისტრაციულ ერთეულში დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, მუბარიზ მ-ს დაამზადებინა ცნობა, რომლის მიხედვით არზუმან ა, თითქოსდა კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვით ან 9 თვეზე მეტი ვადით იმყოფებოდა და ცხოვრობდა სოფელ ამამლოში.

არზუმან ა-მ, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა ამამლოს ადმინისტრაციულ ერთეულში დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაცემული ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც მას მიენიჭა მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი", - აცხადებენ სუს-ში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე, აქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით სამ წლანდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები