ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია

ოცნება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ევროპული საქართველოს ინიციატივას დათანხმდა

0 კომენტარი
ფოტო: გარემოს დაცვის სამინისტრო

ქართული ოცნება დათანხმდა ევროპული საქართველოს ინიციატივას, შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელშიც ის ადამიანები შევლენ, ვინც საქართველოს მოქალაქეების მოტაცებაში, წამებასა და მკვლელობაში არიან ბრალდებულები. ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, რეზოლუციის პრინციპებზე და ტექსტის დიდ ნაწილზე უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმდნენ. 

,,ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები და დღეს გვაქვს საერთო პოზიცია, რომ მივიღებთ ერთიან რეზოლუციას. ამ რეზოლუციის მიხედვით, შეიქმნება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, შეფასდება რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაწესდება სხვა ტიპის შეზღუდვები იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მათ შორის მკვლელობებზე. როგორც პრინციპებზე, ისე ტექსტის დიდ ნაწილზე ვართ შეთანხმებული. მხოლოდ მცირე ტექნიკური დეტალები დარჩა შესათანხმებელი, რომელსაც ამ დღეებში დავასრულებთ და იმედი გვაქვს, რომ ოთხშაბათს იქნება მიღებული ერთიანი რეზოლუცია, რომელსაც მთელი პარლამენტი დაუჭერს მხარს.’’ - ამბობს სერგი კაპანაძე.

აღსანიშნავია, რომ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში ორი რეზოლუცია იყო დარეგისტრირებული. მათ შორის ერთი საპარლამენტო უმრავლესობის, მეორე უმცირესობის. რეზოლუციები წინა სესიაზე უნდა განეხილათ, თუმცა უმრავლესობას და უმცირესობამ გადაწყვიტა, რომ საერთო რეზოლუციაზე შეთანხმებულიყვნენ და კონსულტაციების გამო განხილვა გადაიდო.

უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებული რეზოლუცია არჩილ ტეტუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს. 

რაც შეეხება უმცირესობის რეზოლუციას, გარდა ამ ფაქტორებისა დამატებით ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის შექმნას ითვალისწინებს. სია მაგნიტსკის სიის მსგავსი იქნება და მასში მოხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავს დანაშაულებს ჩადიან და მათ კონკრეტული სანქციები და შეზღუდვები შეეხებათ. 

ევროპული საქართველოს რეზოლუციის ტექსტი იხილეთ აქ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარს ამბობენ. მათი მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და რუსეთი ცხედრის "სიღრმისეულ ექსპერტიზას" ატარებს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება რამდენიმე დღის შემდეგ მოახერხეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იაგო კაჭკაჭიშვილი

კომენტარები