სექსუალური შევიწროება

სექსის თხოვნა დასაქმებისთვის, შევიწროება სამსახურში - რას ყვებიან ქალები ზვიად დევდარიანზე

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაში დაადანაშულეს. დევდარიანი საბჭოს წევრობის კანდიდატად საქართველოს სახალხო დამცველმა წარადგინა. ის ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ხელმძღვანელია.

ტაბულასთან დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ 8 ქალი საუბრობს. ყველა მათგანმა ანონიმობა გადაწყვიტა. ამის ძირითად მიზეზად ოჯახის წევრებისა და სიდა-ს ხელმძღვანელის შესაძლო რეაქციას ასახელებენ.

ისტორია N1 (2015 წელი, 20-21 წლის იყო)

"სხვებისგან განსხვავებით, მე ძალიან ბევრჯერ არ მქონია მასთან შეხება. ეს იყო ერთადერთხელ და იმდენად ტრაგიკული იყო ჩემთვის, რომ ყველა სივრციდან გავაქრე, სადაც შეიძლება გადავკვეთილიყავით. 20-21 წლის ვიყავი, უნივერსიტეტს ვამთავრებდი, საბაკალავროს ვწერდი. სამსახურის ძიება დავიწყე. ვნახე, რომ სიდა-ს ჰქონდა ვაკანსიები. გავიკითხე ამ ორგანიზაციის შესახებ, მითხრეს, რომ ხელმღვანელი ზვიად დევდარიანია. მთავარი შეცდომა, რაც დავუშვი, არის ის, რომ თვითონვე დავეკონტაქტე. ვაკანსიის შესახებ ვკითხე და გასაუბრებაზე დამიბარა. უკვე საღამო იყო რომ მივედი, კარები თვითონ გამიღო და შემდეგ გადაკეტა. ოფისში სხვა არავინ იყო. ჩაი შემომთავაზა და ზოგადი ხასიათის შეკითხვები დამისვა. ძალიან გულწრფელად ვპასუხობდი ყველაფერზე, ეჭვი არ გამჩენია. კიბეებზე რომ ავდიოდით, ხელი მომკიდა. შემდეგ კაბინეტში შევედით და ის კარიც ჩაკეტა. ტყავის სავარძლები ჰქონდა, მახსოვს. დამიწყო ლაპარაკი, რა მოხდებოდა, თუ სამსახურში ამიყვანდა. რომ თვითონ მომიყვანდა დილით და წამიყვანდა სახლში, დამპატიჟებდა სადმე, სამსახურში ყავა უნდა მომედუღებინა და ამაში გადამიხდიდა ხელფასს. ბევრი ილაპარაკა იმაზე, რას ნიშნავს მისთვის ქალები და ურთიერთობები. მითხრა, იმდენად მომწონხარ, შეიძლება ცოლს დავშორდეო, რაც იყო შოკი. რადგან არ ავყევი, გადმოვიდა ფიზიკურ შეხებაზე, კოცნას მთხოვდა. ვუთხარი თავს ცუდად ვგრძნობ და წასვლა მინდა-მეთქი. მიპასუხა, რომ მანამ ვერ წავიდოდი, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამაზე დავთანხმდი. მითხრა ერთი თხოვნაც შემისრულეო, ჭკუა მეკეტება ქალის ტერფებზე და თუ გინდა რომ გავიდეთ, ფეხზე გაიხადე და მაჩვენე როგორი ფეხები გაქვსო. იმდენად მინდოდა იქედან წამოსვლა, რომ დავთანხმდი და გავიხადე ფეხზე. კოცნა დამიწყო ფეხებზე, ძალიან ცუდად ვიყავი. ვთხოვე, რომ დრო არ მაქვს, სახლში წამიყვანოს და ხვალ დავბრუნდები. წამიყვანა სახლში და გზაში თავის წიგნზე მელაპარაკებოდა, პატივისცემის ნიშნად გაჩუქებო, მითხრა. მეორე დღეს უბრალოდ აღარ მივედი, მაგრამ ძალიან მეშინოდა, რადგან იცოდა სადაც ვცხოვრობდი, გვყავდა საერთო ნაცნობები. ლექტორიც კი, რომელთანაც საბაკალავროს ვწერდი და ვისთანაც ამ ყველაფრის თქმა მინდოდა, მას იცნობდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, რომ დაუფიქრებლად მოვიქეცი და მივწერე. მაგრამ ახლა მივხვდი, რომ არ ვიცოდი, არ მიფიქრია ამაზე, სამსახურს ვეძებდი უბრალოდ. არაა გამორიცხული, ამის გამო თქვას, რომ მე გამოვიწვიე, არადა, პირდაპირ ამბობდა, რომ მხოლოდ გარკვეული მოთხოვნების შემთხვევაში ამიყვანდა სამსახურში და ამ მოთხოვნებს შორის იყო სექსუალური კონტაქტიც".

ისტორია N2 (2014 წელი, 24 წლის იყო)

"რამდენიმე წლის წინ, სიდას-ს ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვიყავი. იქ იყო ზვიად დევდარიანიც, თუმცა უშუალოდ მასთან არანაირი შეხება არ მქონია, გამარჯობის სათქმელ დისტანციაზეც კი არ მივსულვარ. რამდენიმე დღის შემდეგ, ფეისბუქზე მომივიდა მეგობრობის თხოვნა. არ ვიცი საიდან გაიგო, ვინ ვიყავი. თავიდან ისეთი არაფერი მომხდარა, რაღაც მომწერა ორგანიზაციასთან დაკავშირებით და მორჩა. მერე მოუხშირა მოწერას. მალევე მივხვდი, რომ საქმიანი ურთიერთობისთვის არ მწერდა, თუმცა ვიფიქრე, თუ კომპლიმენტებს გავუტარებდი, მიხვდებოდა, რომ არ მაინტერესებდა. პირიქით მოხდა - უფრო მეტი ენთუზიაზმით მწერდა. თავიდან ზრდილობიანად ვპასუხობდი, ვიცოდი რომ საქმის გამო ასე თუ ისე მომიწევდა მაგათ ღონისძიებებზე სიარული და არ მინდოდა სკანდალები და ეგეთები, თან სამსახურშიც უნდა მეთქვა მაშინ. თანდათან ძალიან შემაწუხებელი და გამაღიზიანებელი გახდა ეს ყველაფერი. შეყვარებული მყავდა და ვუთხარი ერთ დღესაც. ვიღაც სიდა-ს დირექტორისთვის პირადი ცხოვრების გაზიარება დიდად არ მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე, ეს მაინც მიახვედრებდა რამეს. მანდ მითხრა საოცრება საერთოდ - შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ და არც პატარა აღარ ხარ, უნდა იცოდე როგორ კაცებთან დაიჭირო საქმე, ვინ უფრო გამოგადგება და დაგეხმარება წინსვლაშიო. მაგ დროს, მართალია მსუბუქ ფორმებში, მაგრამ შემომელანძღა. მაგ მომენტამდე არავისთვის არაფერი მითქვამს. ვითვალისწინებდი მის სოციალურ სტატუსსაც და ოჯახურ მდომარეობასაც, მაგრამ მაგის მერე უბრალოდ ვერ მივიდოდი და ვერ გავუღიმებდი, თითქოს არაფერი მომხდარა. ჩემს უფროსს ვუთხარი, რომ იქ ჩემი ფეხი აღარ იქნება. მიზეზიც მკითხა და მოკლედ ვუთხარი რაც ხდებოდა. საშინლად გაბრაზდა, ცალკე მე მისაყვედურა, აქამდე რატომ არ მითხარიო. არაფორმალურად, მაგრამ კომპანიამ საერთო გაწყვიტა ურთიერთობა სიდა-სთან. მაგის მერე სრულიად ვაიგნორებდი. მწერდა ხოლმე მაინც. მერე დარეკვაც დაიწყო, მაგრამ არ ვპახუხობდი. ნელა-ნელა შემეშვა და ბოლოს საერთოდ წამშალა ფეისბუქიდან".

ისტორია N3 (2012 წელი, 24 წლის იყო)

"მაგასთან ვმუშაობდი და რეგიონებში გასვლა მიწევდა ხშირად. ერთ-ერთი გასვლის წინ ფეისბუქზე მომწერა, მეც შენთან ერთად წამოვალო. წინა გასვლაზე რაღაც სამუშაო არასწორად გავაკეთე და ვიფიქრე, რომ გაბრაზებულია. შევშინდი, არ მენდობა და მთლად თვითონ მოდის-მეთქი. ვუპასუხე, ვიცი რომ შემეშალა და ასე აღარ მოვიქცევი-მეთქი. უცებ ძალიან ფამილარულად მომწერა - მაგიტომ არ მოგყვები სულელოო. ცოტა დავიძაბე, ვერც კი დავუშვი ეს. უნდა დაგსაჯო და შენ აირჩიე როგორო. ვუთხარი ხელფასიდან დამიქვითე-მეთქი. მერე მწერდა, როგორ გირჩევნია - მე და მძღოლი ერთად დავწვეთ თუ შენს ოთახში შემომიშვებო. ვერ ვხვდებოდი რა მეპასუხა, არც ურთიერთობა მინდოდა მასთან, მაგრამ სამსახურიდან გაშვებისაც მეშინოდა. ამის გამო დიდხანს ვიდანაშაულებდი თავს, რომ ავყევი თითქოს. საბედნიეროდ, იმ მივლინებაში ვერ წავედით, გადავრჩი როგორც ჩანს. მწერდა, რომ იდიოტი ვარ, რადგან ასეთ კაცზე უარს ვამბობ, რომ მასთან სექსის მერე არც ერთი ქალი უკმაყოფილო არ დარჩენილა და რომ უზარმაზარი პენისი აქვს. შენი ტრაკი ვერ ვნახე შიშველიო, ესეც მომწერა. ვშლიდი ყველაფერს ისტერიულად და ვეძებდი სხვა სამსახურს. არ ვარ ის ტიპი, ვისაც ზოგადად ფლირტი ძალადობა ჰგონია, მეც მიფლირტავია ადამიანებთან. ამ შემთხვევაში, არ მინდოდა სამსახურის და სექსის არევა და კარიერაში ამის ხარჯზე გაქაჩვა. ისე ვწერდი, რომ უნდა მიმხვდარიყო, არ მსიამოვნებდა.  არ ვიცი ბოლომდე ვერ გავაგებინე, იმის გამო რომ უფროსი იყო და მერიდებოდა, თუ უბრალოდ არ უნდოდა გაგება. მერე აღარ ვპასუხობდი და სამსახურშიც ვცდილობდი, თავი ამერიდებინა. როგორც ჩანს, მიხვდა და შემეშვა. ის პროექტი როგორც კი დამთავრდა, წამოვედი თავპირისმტვრევით".

ისტორია N4 (2016 წელი, 26-27 წლის იყო)

"კონფერენციებზე მყავდა ნანახი, ვიცოდი ვინც იყო, მაგრამ არანაირი შეხება არ მქონია. მოგეხსენებათ, იმ ადამიანებს, ვისაც საერთო საქმე აქვთ, საერთო ჯგუფები და საკონტაქტო წრე ჰყავთ. შვედეთში ვიყავი სასწავლო პროგრამით, როცა ფეისბუქზე დამამატა. ჯერ ჩვეულებრივად მწერდა. შემდეგ, სამსახური შევიცვალე და სხვაგან გადავედი იურისტად. მომწერა და შემომთავაზა იურისტის ვაკანსია. ვუთხარი, რომ ახალი სამსახური მაქვს და ვერ შევძლებ სტაბილურად ვიარო სხვა სამსახურში. მითხრა არასრული განაკვეთით იყავიო და გასაუბრებაზე დამიბარა. მკითხა, ოფისში მერჩივნა შეხვედრა თუ არასაოფისე გარემოში. არაფერი საეჭვო არ შემიმჩნევია, არასაოფისე გარემოშიც ხდება საქმიანი შეხვედრები. ოფისში მივედი, რუსთავში, სადაც მარტო დამხვდა. პირველივე წუთიდან დამიწყო ფლირტი და საქმეზე არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. მითხრა, რომ სურათებში ძალიან მსუბუქი ვჩანვარ. პირდაპირ არ შემოუთავაზებია სექსუალური კონტაქტი, მაგრამ დამიწყო საუბარი ქალებთან ურთიერთობებზე, როგორი ხანმოკლე ურთიერთობები ჰქონია. კივილი არ დამიწყია, უბრალოდ შევახსენე, რომ ცოლი ჰყავს. ვუთხარი, რომ მასთან ურთიერთობა არ მსურდა. არ უძალადია, მაგრამ არასასიამოვნო იყო მოტყუებით რომ მიმიყვანა გასაუბრებაზე და მიზანი სხვა რამ იყო. საერთო ნაცნობს ვუთხარი და მერე გავიგე, რომ ძალიან ბევრ გოგოს ჰქონია მასთან ცუდი გამოცდილება. იმათ ისტორიებთან შედარებით ჩემი ისეთი არაფერი იყო".

-------

ტაბულა ესაუბრა კიდევ ოთხ ქალს, რომელთა მონათხრობი, ჩვენი შეფასებით, ადევნების და სექსუალური შევიწროების ნიშნებს შეიცავს, იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევებში ეს არ ხდებოდა დევდარიანის სამსხურისა და უფლებამოსილების გამოყენებით. 4 ქალი ყვება, რომ ზვიად დევდარიანი მათ სისტემატურად, სხვადასხვა გზით ეკონტაქტებოდა და ეს კონტაქტი მათთვის იყო არასასურველი. 2016 წელს ასეთი შემთხვევა 19, 23 და 28 წლის ქალებს ჰქონდათ. 2015-2016 წელს კი 34 წლის ქალს. ისინი ტაბულასთან ამბობენ, რომ ზვიად დევდარიანისგან იღებდნენ სხვადასხვა სახის სექსუალური შინაარსის შემოთავაზებებს, თუმცა, უარის მიუხედავად, ის თავს არ ანებებდა.

გამომდინარე იქედან, რომ ეს არ ხდებოდა მისი სამსახურის გამოყენებით, ამ ეტაპზე აღნიშნულ ისტორიებს დეტალურად არ ვასაჯაროებთ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი, ჩვენი შეფასებით, ადევნების და შევიწროების შემთხვევებია.

ქალთა მოძრაობა

ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა ქალთა მოძრაობამ. მათი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა დევდარიანის კანდიდატურა წარადგინა, ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში, მოძრაობის წევრები მისი მხრიდან სექსუალური შევიწროების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ.

"მას სერიოზული გავლენა და რეპუტაცია აქვს საქართველოს სამოქალაქო და პოლიტიკურ წრეებში. ზვიად დევდარიანი ქალთა უფლებების ცნობილი დამცველიცაა და როგორც ჩანს, მისი ორმაგი სტანდარტები და კარგად შენიღბული სახე გახდა მიზეზი იმისა, რომ მის მიერ სექსუალურად შევიწროებულ ქალებს არ ჰქონდათ რწმენა და ძალა, რომ საკუთარი უფლებებისთვის ებრძოლათ.

ზვიად დევდარიანი წლების მანძილზე იყო ქალთა მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი.ის ესწრებოდა ჩვენს მიერ გამართულ თითქმის ყველა აქციას, ღიად და საჯაროდ უჭერდა მხარს ქალთა უფლებებს და ამ დრომდე ის ითვლებოდა ქალთა მოძრაობის ერთ-ერთ თანამოაზრედ. გარდა ამისა, ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობის არაერთი წევრის კოლეგა და მეგობარია.

ქალთა მოძრაობა სრულად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაერთი ქალისთვის, სწორედ ჩვენი აფილირება ზვიად დევდარიანთან, შესაძლებელია გამხდარიყო მათი გაჩუმების და უიმედობის კიდევ ერთი მიზეზი", - აცხადებენ ქალთა მოძრაობაში.

მოძრაობა სახალხო დამცველს მოუწოდებს გამოითხოვოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მის მიერ დასახელებული კანდიდატურა და შეისწავლოს ყველა ქალის ისტორია, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს.

გარდა ამისა, ქალთა მოძრაობა საქართველოს პარლამენტს და მასთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაიწყოს სექსუალური შევიწროების საკითხის რეგულირებაზე მუშაობა და მხარი არ დაუჭიროს სექსუალურ ძალადობაში მხილებულ ადამიანს.

ზვიად დევდარიანი

ტაბულას მრავალი მცდელობის მიუხედავად, ზვიად დევდარიანთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. დღეს, დღის ბოლოს, მისი სახელით გავრცელდა განცხადება, რომლის მიხედვით, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან კანდიდატურას ხსნის.

მისი განცხადებით, თანამდებობა და გავლენა ბოროტად არასდროს გამოუყენებია.

"გუშინ მთელი ღამის განმავლობაში პირადად ჩემზე, ჩემს ოჯახსა და ორგანიზაციის თანამშრომლებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და შანტაჟი, რაც დღეს ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადებით გაგრძელდა, რომელიც ლახავს ჩემს რეპუტაციას, ანგრევს ჩემს ოჯახს, დარტყმას აყენებს სახალხო დამცველსა და მთლიანად სამოქალაქო სექტორს.

ამ პირობებში ძალიან მიმძიმს ემოციების გვერდზე გადადება, თუმცა გამოწვევა სერიოზულია და რისკები მხოლოდ პიროვნულად მე არ მიკავშირდება.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთლიანად ამ დისკუსიასა და განცხადებაშიც არეულია მორალისა და „დანაშაულის“ შემადგენელი. ვიღაცას შეიძლება მე პიროვნულად არ მოვწონდე, ან ჩემი თავისუფლება არ მოსწონდეს, თუმცა ჩემი თანამდებობა და გავლენა, რაც იყო ნახსენები განცხადებაში, ბოროტად არასდროს გამომიყენებია", - აცხადებს დევდარიანი.

მას მიაჩნია, რომ ქალთა მოძრაობის განცხადება სახალხო დამცველის მიერ მისი კანდიდატურის მხარდაჭერასთანაა დაკავშირებული.

"იმის გათვალისწინებით, რომ პირდაპირ მივიღე შეტყობინება ქალთა ჯგუფების მხრიდან, რომ მომეხსნა ჩემი კანდიდატურა, წინააღმდეგ შემთხვევაში გავრცელდებოდა ღია წერილი, ვთვლი, რომ არის მიზანმიმართული შანტაჟი.

წლებია ქალთა მოძრაობის წევრებთან საქმიანი ურთიერთობები მაკავშირებს და ერთად ბევრი მნიშვნელოვანი საქმეც გვიკეთებია ქალთა უფლებების სფეროში. ამ ფონზე ისმის ძალადობასა და დანაშაულზე დაუსაბუთებელი ბრალდებები, რაზეც განცხადებაშია საუბარი და რაც არანაირ შესაძლებლობას არ მაძლევს ჩემი პოზიცია გამოვხატო კონკრეტულ შემთხვევებზე. მე არასდროს გამჭირვებია შეცდომის აღიარება, როდესაც ჩემთვის ნათელია საკუთარი გადაცდომა და ამისთვის ყოველთვის მზად ვარ", - აცხადებს დევდარიანი.

მისივე თქმით, თუ ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მზადაა დავა სამართლებრივი გზებით გააგრძელოს.

ზვიად დევდარიანი სატელეფონო ხარებს კვლავ არ პასუხობს, შესაბამისად, არსებული კითხვების დასმა ვერ მოხერხდა.

განახლება:

მიუხედავად იმისა, რომ ტაბულამ სტატიაზე მუშაობის პერიოდში არაერთხელ სცადა ზვიად დევდარიანთან დაკავშირება, მას ჩვენთვის არ უპასუხია. სტატიის გამოქვეყნების მეორე დღეს კი წერილობითი პასუხი გაავრცელა. დევდარიანი ძალადობის ან ზეწოლის ფაქტის არსებობას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მისი შეცდომაა "ურთიერთობა ოჯახს გარეთ".

ის 4 ქალიდან მხოლოდ ერთს პასუხობს, დანარჩენებს კი უპასუხოდ ტოვებს. დევდარიანი ფიზიკურ კონტაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მიმოწერას თავიდანვე არაფორმალური ხასიათი ჰქონდა, ორგანიზაციაში კი არანაირი ვაკანსია არ ყოფილა გამოცხადებული. გარდა ამისა, ის წერს, რომ სიდა-ში ინდივიდუალური გასაუბრების ცნება არ არსებობს და ყველაფერი ხდება ჯგუფურად.

"ჩვენ სოციალური ქსელით გავიცანით ერთმანეთი მისი ინიციატივით და ამ გაცნობას და მიმოწერა არაფორმალური ხასიათი ჰქონდა; მიმოწერა დაიწყო დაახლოებით 21.00- ზე. 20 წუთში შევთანხმდით, რომ შევხვდებოდით, რომ უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი. მე ოფისში ვიმყოფებოდი, შემოგთავაზე იქ მოსულიყავი, რაზეც დამთანხმდი. ორივემ ვიცოდით, რომ იმ მომენტისთვის ჩემს ორგანიზაციაში ვაკანტურ თანამდებობაზე არანაირი კონკურსი გამოცხადებული არ ყოფილა; ვიდრე მოხვედი ოფისში ტელეფონით რამდენიმე მესიჯიც გამოგიგზავნე, რომელსაც ასევე არაფორმალური ხასიათი ჰქონდა. მიუხედავად ამისა მაინც გადაწყვიტე მოსულიყავი;

ვისაუბრეთ დაახლოებით 40 წუთი, ყოველგვარი ჩარაზვების გარეშე, როგორც ამას აჟღერებ. ოფისში ისედაც მარტო ვიყავით; არავითარი ფიზიკური კონტაქტი ჩვენს შორის არ მომხდარა; როგორც კი დავასრულეთ საუბარი, რადგან ისედაც სახლში მივდიოდი, შემოგთავაზე სახლამდე ჩემი მანქანით მიყვანა, რაზეც დამთანხმდი. მიგიყვანე სახლამდე და მშვიდად დავემშვიდობეთ ერთმანეთს (და არა "როგორღაც თავი დამაღწიე", როგორც ეს შენს ამბავში წერია);

რაც დავშორდით, კიდევ ერთი მესიჯი მოგწერე, რაზეც მიპასუხე, რომ ჩემთან ფორმალური სამსახურებრივი ურთიერთობა გსურდა, რაც ჩემთვის სრულიად ნათელი სიგნალი იყო და ამის შემდეგ, არცერთი ზარი და შეტყობინება, არანაირი ფორმით არ განმიხორციელებია (რაზეც შენს ამბავში არაფერია ნათქვამი)", - წერს დევდარიანი.

სიდა-ს ხელმძღვანელი ტაბულაზეც საუბრობს. მისი თქმით, "სამარცხვინოა, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის და პოლიტიკური გავლენების ქვეშ, დაივიწყეს ჟურნალისტური ეთიკა და მინი სამსჯავროებად აქციეს საკუთარი გამოცემები".

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი, რომელმაც ზვიად დევდარიანის კანდიდატურა პარლამენტს წარუდგინა, ამ თემაზე კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს. ტაბულა ცდილობდა ნინო ლომჯარიასთვის ეკითხა, წარდგენამდე იცოდა თუ არა იმ ბრალდებების შესახებ, რომლებსაც ქალები დევდარიანს უყენებენ, თუ გაუგია მსგავსი შემთხვევის შესახებ და თუ უცდია გარკვევა. ქალთა უფლებების დამცველი ომბუდსმენი ამ თემებზე დუმილს ამჯობინებს. ნინო ლომჯარიამ ტაბულას სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მასთან დაკავშირება ვცადეთ პრესსამსახურის საშუალებითაც, სადაც გვითხრეს, რომ ლომჯარიას კომენტარი არ იქნება, თუმცა სახალხო დამცველის აპარატი ამ თემაზე მალე განცხადებას გააკეთებს.

გავრცელებულს განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ შესაძლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტები ამ ეტაპზე სამართლებრივად დადასტურებული არ არის, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსიდან კანდიდატურის მოხსნის თაობაზე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა უფლებების დაცვა, ძალადობის, სექსუალური შევიწროების თუ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის სხვა ფორმების წინააღმდეგ ბრძოლა სახალხო დამცველისთვის იყო და რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. გაჟღერებული ბრალდებების სიმძიმიდან გამომდინარე, სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და ამ საკითხზე მსჯელობა წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით. ბრალდებებში გაჟღერებული ინფორმაციის დადგენამდე დაცული იყოს მხარეთა პირადი ცხოვრების, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის უფლება. სახალხო დამცველი მხარეებს სთავაზობს საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქალთა მოძრაობა სახალხო დამცველს მოუწოდებდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად "საფარის" ხელმძღვანელი და ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია დაესახელებინა. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირებს დევდარიანი ქალთა მოძრაობის დღევანდელ განცხადებას.

აღსანიშნავია, რომ დევდარიანის ამ განცხადების გამოქვეყნების დროს, საკუთარი კანდიდატურა უკვე მოხსნილი ჰყავდა ბაია პატარაიასაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბუბა მირცხულავა

კომენტარები