რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები

75,92%-ით რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ვლადიმერ პუტინი გახდა

ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ გამარჯვებას მეოთხედ აღნიშნავს
Rain TV

რუსეთის პრეზიდენტი მომავალი 6 წლის მანძილზე, როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავ ვლადიმერ პუტინი იქნება. 

არჩევნებზე მისული ამომრჩევლის (59.59%) 75,92%-მა, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მხარი პუტინს დაუჭირა.  

მეორე ადგილზე 12.59%-ით კომუნისტური პარტიის ლიდერი პაველ გრუდინინი გავიდა, მას 6.07%-ით მოყვება ვლადიმერ ჟირინოვსკი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან. ქსენია სობჩაკი 1.48%-ით მე-4 ადგილზე გავიდა. 

დანარჩენმა 4-მა კანდიდატმა - იავლინსკიმ, ბაბურინმა, სურაიკინმა და ტიტოვმა ხმების 1%-ზე ნაკლები აიღეს. 

ადგილობრივი, მეტნაკლებად დამოუკიდებელი მედიის ცნობით, არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნებზე დაკვირვების უფლება არ მიეცათ. ადგილობრივი დემოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, გოლასის მონაცემებით, ათასამდე დარღვევა დაფიქსირდა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ წლევანდელ საარჩევნო უბნებზე ვიდეო კამერები დააყენა, რომლის სიგნალიც ლაივ-რეჟიმით გადაიცემებოდა, ამან არჩევნების დემოკრატიის მაღალი ხარისხი ვერ უზრუნველყო და პირიქით, კომიკური სიტუაცია შექმნა, რადგან დაფიქსირდა კამერების ფერადი ბუშტებით დაფარვის მცდელობებიც. ამასთან, როგორც გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე "დამკვირვებლებს" საერთოდ არ შექმნიათ პრობლემა დაუფარავად ჩაეყარათ საარჩევნო ყუთებში უკვე შემოხაზული ბიულეტენები. 

თავის სამადლობელ სიტყვაში, პუტინმა თქვა, რომ ხალხს იმედი აქვს, რომ ის და მას დაქვემდებარებული ხელისუფლება ისევ ისე იმუშავებს, როგორც აქამდე მუშაობდა და სწორედ ამიტომ დაუჭირეს მას მხარი. კითხვაზე, იყრის თუ არა კენჭს 2030 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ არ აპირებს 100 წლამდე პრეზიდენტის სკამზე ჯდომას. მისი შეფასებით, "ეს სასაცილოა", თუმცა რატომღაც, სასაცილოდ არ მიიჩნევს ფაქტს, რომ ის 2000 წლიდან დღემდე ქვეყნის პირველი პირია. 

აღნიშნული გამარჯვება ვლადიმერ პუტინისთვის რიგით მე-4 საპრეზიდენტო ვადა იქნება. პირველად ის პრეზიდენტი 2000 წელს გახდა, მან რუსეთის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი ჩაანაცვლა. მეორე ვადით პუტინი 2004 წელს აირჩა და 2008 წლამდე ეკავა თანამდებობა. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ადამიანს მიყოლებით 2-ზე მეტჯერ პრეზიდენტობა არ შეუძლია, პუტინმა მომდევნო 4 წლით პრემიერმინისტრის სკამზე გადაინაცვლა, 2012 წელს კი კვლავ პრეზიდენტი გახდა. გაზრდილი საპრეზიდენტო ვადის გამო, ამჯერად უკვე 6 წლით. 

კომენტარები