ლომჯარია: ქალების მონათხრობი შეიცავს სექსუალური ძალადობის და შევიწროების ნიშნებს

ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმ ქალებს შევხდა, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. შეხვედრას ქალთა მოძრაობის წევრებიც დაესწრნენ.

"სახალხო დამცველმა პირადად მოუსმინა ქალებს, რომელთა მონათხრობი შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის, დისკრიმინაციის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის ფარგლებში. შესწავლის პროცესი ყველა მონაწილე მხარის ფუნდამენტური უფლებების, ღირსების, პატივისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვით წარიმართება. აღსანიშნავია, რომ სავარაუდო შემთხვევათა შესახებ სახალხო დამცველისთვის მხოლოდ კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ქალთა მოძრაობამ საჯარო განცხადება გაავრცელა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკითხის მნიშვნელობას, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლოს სექსუალური შევიწროების ყველა შესაძლო შემთხვევა და მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს მიმართონ სახალხო დამცველის ოფისებს ანდა დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე 1481." - წერია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქალთა მოძრაობა ზვიად დევდარიანს 10-მდე ქალის შევიწროებაში ადანაშაულებს. მოგვიანებით მათ დევდარიანმა უპასუხა და თქვა, რომ ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. დევდარიანს შევიწროებაში ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახალა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

კომენტარები