თავდასხმა რუსთავი 2-ზე

სადღობელაშვილის გარდა 5 წლამდე პატიმრობა ე.წ ქართული მარშის კიდევ 4 წევრს ემუქრება

რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო ლადო სადღობელაშვილის შემდეგ კიდევ 4 პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა. 

„2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „ქართული მარშის“ წევრები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. გ.ო. და ლ. ნ. დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით - მიმდინარეობს მოწმეთა და თვითმხილველთა დაკითხვა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და რეაგირებას მოახდენს ძალადობის თითოეულ ფაქტზე, მიუხედავად ძალადობის მოტივისა“, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ბრალდებით „ქართული მარშის“ წევრი ლადო სადღობელაშვილი დააკავა. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ძალადობრივი ჯგუფის წევრები გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტს აპროტესტებდნენ - ჟურნალისტმა სიუჟეტის წარდგენისას თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

ამის გამო ე.წ ქართული მარშის წევრები გუშინ რუსთავი 2-ს შენობასთან მივიდნენ და გაბუნიას ტელეკომპანიის ეზოში შესვლის უფლება არ მისცეს, სცემეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, დავით ერაძესაც. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ "რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა" და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

კომენტარები