რეკლამა

საქართველოს ბანკმა უსინათლო პირებისთვის ადაპტირებული ბანკომატები მოაწყო

საქართველოს ბანკმა უსინათლო პირებისთვის ადაპტირებული ბანკომატები მოაწყო. პროექტი საქართველოს ბანკის ფონდის "სიცოცხლის ხე“ ორგანიზებულია. უსინათლო პირებს შესაძლებლობა აქვთ, სრულიად დამოუკიდებლად ისარგებლონ საქართველოს ბანკის ბანკომატებით. ადაპტირების პროცესში ბანკომატები ხმოვანი პროგრამით აღიჭურვა და არსებული სისტემა HTML ფორმატზე გადავიდა, რაც ტექნიკური მახასიათებლების გაძლიერებასაც ნიშნავს.

შესაბამისად, ბანკომატზე დამონტაჟდა ყურსასმენის განსათავსებელი მოწყობილობები, შეიცვალა ბანკომატის სცენარი და გახმოვანდა მენიუ. ბარათის, თანხისა და ქვითრის ჭრილის მანიშნებლები კი, ბრაილის წარწერიანი სტიკერებით ჩანაცვლდა. ბანკომატების ადაპტირების პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული უსინათლო პირები, რამაც შესაძლებელი გახადა, ბანკომატით განხორციელებული ტრანზაქციები მათ საჭიროებაზე მაქსიმალურად ყოფილიყო მორგებული.

აღსანიშნავია, რომ ბანკომატით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველსაყოფად, უსინათლო პირებს საჩუქრად გადაეცემათ ყურთსასმენები. ადაპტირებული ბანკომატითა და ხმოვანი პროგრამით პირველად სარგებლობის შემთხვევაში, ბანკომატზე ყურთსასმენების მიერთების გზით, მათ საშუალება ექნებათ მოისმინონ ბანკომატით სარგებლობის ინსტრუქცია.

საქართველოს ბანკის ბანკომატების უსინათლო პირთათვის ადაპტირება ამ ეტაპზე დასრულებულია თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში. ჯამში ადაპტირებულია 10 ბანკომატი.

"პროცესი გრძელდება და ადაპტირებული ბანკომატების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება" - აცხადებს საქართველოს ბანკი.

კომენტარები